„შესაძლო ტრავმა თავიდან ავირიდეთ“ - მარსელინო მიქაუტაძეზე და მანჩესტერ სიტისთან მატჩზე
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის მე-3 ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდება. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ესპანური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინომ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და გიორგი მიქაუტაძის შესახებაც გააკეთა კომენტარი.
ქართველმა შემტევმა ლა ლიგის ბოლო ტურის მატჩში მონაწილეობა არ მიიღო. ამის მიზეზი კი მცირე დაზიანება გახდა, რომელიც მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრებში მიიღო. დღეს კი მარსელინომ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, ჟორჟი „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ ითამაშებს.
რას ამბობს მარსელინო:
„საკმაოდ რთულ მატჩს ველით, მაგრამ ასეთ თამაშებს მივეჩვიეთ. ასე იყო „იუვენტუსთანაც“. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთან და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ვთამაშობთ და ეს უნდა გვახარებდეს. აქ ყოფნა დავიმსახურეთ. ახლა კი ამ მდგომარეობით უნდა დავტკბეთ, ვიბრძოლოთ და წარმატებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ. მჯერა, რომ ხვალინდელ შეხვედრაში ჩემი გუნდის ბრძოლით სიამოვნებას მივიღებ. თუ განვითარება გვინდა, ჩვენთვის ეს თამაშები ბრწყინვალე გამოცდილება იქნება. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი გულშემატკივრების წინაშე სათანადო დონეზე ვითამაშებთ და კარგ შედეგს მივაღწევთ.“
„გუარდიოლა თანამედროვე ფეხბურთში ყველაფერია. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, შეიძლება საუკეთესოც. „ბარსელონაში“, პირველივე სეზონიდან მან დიდი რევოლუცია მოახდინა და ფეხბურთში სიღრმისეული ცვლილებები შეიტანა.“
„ძლიერ მეტოქეებთან განსხვავებას ეფექტურობა ქმნის. საკუთარ საჯარიმოში შეცდომები არ უნდა დავუშვათ და მოწინააღმდეგის საჯარიმოში ეფექტურად უნდა ვიმოქმედოთ. მართალია, ჩვენ დიდი გუნდების დონეზე არ ვართ, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა ნებისმიერისთვის შეგვიძლია. ეს არაერთხელ დავამტკიცეთ „რეალთან“, „ატლეტიკოსთან“, „იუვენტუსთან“ და ა.შ. საბოლოოდ, წარმატებისთვის საჭიროა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ, შეცდომები არ დავუშვათ, რაც ასეთი დონის გუნდების წინააღმდეგ დამღუპველი იქნება.“
„მიქაუტაძე? ჩვენ წინდახედულები ვართ და ლა ლიგის ბოლო ტურში თავი დავიზღვიეთ. გადავწყვიტეთ, რომ შესაძლო ტრავმისგან თავი აგვერიდებინა. გვჯერა, რომ ხვალისთვის სათამაშოდ 100%-ით მზად იქნება. მან დღეს ჩვეულებრივად ივარჯიშა და ვიმედოვნებ, რომ მზად იქნება.“
„ვილიარეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ დაპირისპირება 21 ოქტომბერს, საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.