„ყოველი სანაკრებო ფანჯრის დროს ამის იმედი მაქვს“ - გიორბელიძე სანიოლის ზარს ელის
თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ ლიგაში ათი ტურის შემდეგ „ერზრუმსპორის“ სახით ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია, თუმცა ათი მატჩიდან კლუბმა სამი მოიგო და შვიდი ფრედ დაასრულა, რის გამოც მხოლოდ და მხოლოდ მეშვიდე პოზიციაზეა.
ერზრუმელთა ერთ-ერთი ლიდერი და დაცვის ხაზის საკვანძო მოთამაშეა გურამ გიორბელიძე, რომელმაც ყველა ტურში შეუცვლელად ისაუბრა. Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში 29 წლის მარცხენა მცველმა საკუთარ სათამაშო ფორმასა და საქართველოს ნაკრებში დაბრუნების პერსპექტივაზე ისაუბრა.
გურამ გიორბელიძე
წლევანდელი სეზონი ჩვენი კლუბისთვის კარგად მიმდინარეობს, რადგან ჯერჯერობით დაუმარცხებლად მივდივართ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ფრედ ძალიან ბევრჯერ ვითამაშეთ, რასაც უპირველეს ყოვლისა საფეხბურთო ფორტუნას ვაბრალებ. რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, ასე კარგად გორის „დილაში“ თამაშის შემდეგ არ ვყოფილვარ, რადგან ყველა მატჩში 90 წუთს ვთამაშობ და მწვრთნელისგან მაქსიმალურ ნდობას ვგრძნობ.
ვიცი, რომ პირველ ლიგაში თამაშს ბევრი კარგ ვარიანტად არ მიიჩნევს და სიმართლე გითხრათ, მქონდა სუპერლიგის წარმომადგენლების მხრიდან შემოთავაზებები, თუმცა აქ დარჩენა ვამჯობინე. ამის მიზეზი კი, ხელმძღვანელების მხრიდან არსებული ძალიან კარგი დამოკიდებულებაა. თანაც, ისეთი გუნდები მიწვევდნენ, რომელთაც უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდებოდათ და მირჩევნია სუპერლიგაში „ერზრუმსპორთან“ ერთად ავიდე.
ვფიქრობ თუ არა საქართველოს ნაკრებში დაბრუნებაზე? ყოველ საკლუბო მატჩს ამაზე ფიქრით ვთამაშობ და ყოველი სანაკრებო ფანჯრის დროს მაქვს იმედი, რომ დამირეკავენ და ეროვნულ გუნდში გამომიძახებენ. იმ პერიოდში, როდესაც თავის გამოჩენის შესაძლებლობა მეძლეოდა, საქართველოს ნაკრებში თავი არასოდეს დამიზოგავს და თუ შანსს მომცემენ, ძველებურზე კიდევ უფრო დიდი შემართებით მივუდგები საქმეს.
ცნობისათვის, „ერზრუმსპორში“ გადასვლამდე გურამ გიორბელიძე ბოლნისის „სიონის“, გორის „დილას“, „ვოლფსბერგერის“, „დრეზდენის“, „ზაგლებიეს“, „დინამო ბათუმისა“ და „ვოივოდინას“ ღირსებას იცავდა. საქართველოს ნაკრებში კი მის ანგარიშზე 12 მატჩია, საიდანაც 9 ძირითადში დაიწყო, ხოლო 3-ჯერ ცვლილებაზე შევიდა.