ბარსელონა-ვილიარეალი მაიამიში აღარ ჩატარდება | ლა ლიგამ უკან დაიხია
Aa
Aa

ბარსელონა-ვილიარეალი მაიამიში აღარ ჩატარდება | ლა ლიგამ უკან დაიხია

ბარსელონა-ვილიარეალის მატჩი, რომელიც, ლა ლიგის გადაწყვეტილებით, მაიამიში უნდა გამართულიყო, გაუქმებულია. ამის შესახებ ინფორმაცია ლა ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„მაიამიში დაგეგმილმა მატჩმა ესპანეთში გაურკვევლობა გამოიწვია, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება მისი გაუქმების თაობაზე. სამწუხაროა, რომ ეს პროექტი, რომელიც ისტორიულ და არნახულ შესაძლებლობებს ქმნიდა ესპანური ფეხბურთის საერთაშორისო ექსპანსიის მიმართულებით, ვერ განხორციელდება. ოფიციალური მატჩის საზღვარგარეთ გამართვა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა გლობალური ზრდის კუთხით ისეთ სტრატეგიულ ბაზარზე, როგორიც აშშ-ია.

პროექტი სრულად აკმაყოფილებდა ყველა ეროვნულ რეგულაციასა და არ აზიანებდა ტურნირის ინტეგრირებულობას, რაც დადასტურებულია არაერთი კომპეტენტური ორგანოს მიერ. ისეთ კონკურენტულ გარემოში, რომელშიც ინგლისის პრემიერლიგა და უეფას ჩემპიონთა ლიგა აგრძელებენ საკუთარი წვდომის და შემოსავლების ზრდას, ასეთი ინიციატივები აუცილებელია ესპანური ფეხბურთის მდგრადობის შესანარჩუნებლად. ასეთ შესაძლებლობებზე უარის თქმით იკარგება დამატებით შემოსავალი და მცირდება კლუბების საინვესტიციო შესაძლებლობები.

მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება „ბარსელონამაც“ გაავრცელა:

„პატივს ვცემთ და ცნობად ვიღებთ გადაწყვეტილებას, მაიამიში გასამართი მე-17 ტურის მატჩის გაუქმების თაობაზე, ისევე როგორც ვეთანხმებოდით ამ მატჩის აშშ-ში გამართვას. სამწუხაროა, რომ ვკარგავთ ლა ლიგის იმიჯის გავრცელების შესაძლებლობას ასეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზარზე“. 

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ლა ლიგის ოფიციალური მატჩი მაიამიში უნდა გამართულიყო, ესპანურმა კლუბებმა ამასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვეს. მეტიც, ბოლო ტურში მატჩების დაწყების შემდეგ რამდენიმე წამის განმავლობაში ლა ლიგის კლუბების ფეხბურთელები პროტესტის ნიშნად გაუნძრევლად იდგნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ტურნირის ფალსიფიკაციაა“ - ალონსო ტებასს დაუპირისპირდა
„ეს ტურნირის ფალსიფიკაციაა“ - ალონსო ტებასს დაუპირისპირდა