„ტაპსობასთან გაუჭირდა, მარცხენა ფლანგზე ორჯერ იყო გადამწყვეტი“ | LEquipe და Le Parisien კვარაზე
ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მესამე ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „ლევერკუზენს“ დაუპირისპირდა და გერმანული კლუბი 7:2 გაანადგურა. ხვიჩა კვარაცხელიამ ძირითად შემადგენლობაში სექტემბრის შემდეგ პირველად ითამაშა და გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
მატჩის შემდეგ ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემებმა — L’Equipe-მა და Le Parisien-მა — ქართველის თამაში შეაფასეს. L’Equipe-მა კვარაცხელიას 7 ქულა დაუწერა, Le Parisien-მა კი 6.5.
„მარჯვენა ფლანგზე მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიას გაუჭირდა, ტაპსობასთვის ეჯობნა. ერთი-ერთზე იშვიათად მიდიოდა და, ამ პოზიციაზე, თამაშზე დიდი გავლენა არ ჰქონია. მისი მთავარი დამსახურება იყო ის, რომ მარცხენა ფლანგზე გადასვლის შემდეგ, ორჯერ აღმოჩნდა გადამწყვეტი — ჯერ დეზირე დუეს გაატანინა, შემდეგ კი თავად გაიტანა“, — წერს L’Equipe.
„27 სექტემბრის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოჩენილ ქართველ ფეხბურთელს დრო დასჭირდა, რომ საკუთარი თამაში ეპოვა. ნახევარი საათის გასვლის შემდეგ, როდესაც მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლა, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია აჩვენა. მან ჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა, 44-ე წუთზე კი თავად გაიტანა“, - წერს Le Parisien.
შეგახსენებთ, რომ სამი ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენს“ 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. კვარაცხელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 25 ოქტომბერს, „ბრესტის“ წინააღმდეგ გამართავს.