ფერები, ზოდიაქო და ნაკურთხი წყალი - მწვრთნელების ყველაზე უცნაური ცრურწმენები
არავისთვის არაა საიდუმლო, რომ ბევრი სპორტსმენი ცრუმორწმუნეა, მაგრამ მათ არც მწვრთნელები არ ჩამორჩებიან.
რაიმონ დომენეკი და ჰოროსკოპი
დღეს მრავალი სპეციალური პროგრამა არსებობს, რომელიც მწვრთნელებს საშუალებას აძლევს, დეტალურად დაამუშაონ მატჩებისთვის მზადება და სასტარტო შემადგენლობა მოთამაშეთა სათამაშო მაჩვენებლების მიხედვით შეარჩიონ. მაგრამ რაიმონ დომენეკს ასეთი პროგრამები არ სჭირდებოდა – მას შემადგენლობის არჩევის საკუთარი მიდგომა ჰქონდა.
საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელობის დროს, დომენეკი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ადგენდა, თუ რომელი მოთამაშე სჭირდებოდა და რომელი არა,
ფრანგი მწვრთნელი ძალიან ენდობოდა ლომებს და თვლიდა, რომ მათსავით დაცვაში ვერავინ თამაშობდა. მორიელებთან კი დომენეკი ბევრად მკაცრი იყო – რაიმონი ცდილობდა, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მოთამაშეები ეროვნული გუნდისგან შორს ყოფილიყვნენ.
ამ მიზეზით, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან არ გამოიძახა„არსენალის“ ნახევარმცველი რობერ პირესი და „ბარსელონას“ ნახევარმცველი ლუდოვიკ ჟული. მოგვიანებით კი დომენეკმა „სამფეროვნებიდან“ დავიდ ტრეზეგე მოკვეთა.
რამდენიმე დღის წინ, დომენიკს ამ თემაზე კითხეს, რაზეც მან ასე უპასუხა:
„ნაკრებში არასოდეს გამიკეთებია მსგავსი რამ, თუმცა, როდესაც „ლიონს“ ვწვრთნიდი, პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ვარჯიშებზე მორიელებს ერთად ვაყენებდი“.
ლუის არაგონესი და ყვითელი ფერი
ლუის არაგონესისთვის ყვითელი ფერი ყოველთვის საფრთხის სიმბოლო იყო – ის არასოდეს მალავდა, რომ ეშინოდა მისი.
ესპანეთის ნაკრების თავკაცობის დროს, არაგონესი ითხოვდა, რომ სავარჯიშო პროცესში ყვითელი ფერი არ გამოეყენებინათ და ცდილობდა, მოთამაშეებს ეს ფერი თავიანთი ტანსაცმლიდან ამოეღოთ.
მაგალითად, როდესაც რაული ერთ-ერთ მატჩის წინ, ყვითელი მაისურით გამოცხადდა, არაგონესმა მას მაშინვე გასახდელის დატოვება სთხოვა. მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა, როდესაც ესპანეთის ნაკრებს დორტმუნდში ყვავილების თაიგულებით ხვდებოდნენ. ყვავილების გადამცემ გოგონებს, ალბათ გაუკვირდათ, რომ არაგონესმა მადლობის ნაცვლად, შუა თითი უჩვენა.
არმინ ფე და საყვარელი წითელი ფერი
კიდევ ერთი მწვრთნელი, რომელიც ფერს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა – არმინ ფე იყო.
როდესაც გერმანელი სპეციალისტი „შტუტგარტს“ წვრთნიდა, ის მოითხოვდა, რომ გუნდი მოედანზე წითელი მაისურებით გასულიყო, მიუხედავად იმისა, რომ საშინაო ფორმა თეთრი იყო. „წითელში ჩვენ უფრო აგრესიულად ვთამაშობდით“, – ამბობდა მაშინ ფე.
თუ იმ ფაქტით ვიმსჯელებთ, რომ არმინის მუშაობის დროს „შტუტგარტმა“ ბუნდესლიგა მოიგო, მისი ფერადი ცრურწმენა მუშაობდა.
ჰორსტ ერმანტრაუტი და პირადი სკამი
ჰორსტ ერმანტრაუტმა, რომელიც ფრანკფურტის „აინტრახტთან“ მუშაობდა, კლუბში მუშაობის პირველივე დღიდან მოითხოვა, რომ მისთვის სპეციალური ადგილი გამოეყოთ – სხვა მწვრთნელებისა და სათადარიგოებისგან განცალკევებით.
„არწივების“ ხელმძღვანელობამ ერმანტრაუტს პლასტმასის სკამი გამოუყო, რომელიც მწვრთნელს მთელ გერმანიაში დაჰქონდა.
მას მტკიცედ სჯეროდა, რომ განცალკევებით ჯდომით გავლენას ახდენდა თამაშის ენერგეტიკულ ველზე.
კარლოს ბილარდო და ქათამის ხორცი
გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ფეხბურთელებს ფრინველის ხორცი უყვართ, მაგრამ როგორც ჩანს, ყველას არა.
კარლოს ბილარდო ქათმის ხორცს ვერ იტანდა, ჯერ კიდევ „ესტუდიანტესში“ თამაშის დროს. როდესაც არგენტინელი მწვრთნელი გახდა, ის ცდილობდა, რომ ყველა გუნდის რაციონიდან ქათმის ხორცი ამოეღო - ის მას უბედურ საკვებს უწოდებდა და ფეხბურთელებს აიძულებდა, მხოლოდ ძროხის ხორცი ეჭამათ.
ნილ უორნოკი და იღბლიანი გასახდელი
2011 წელს, „ქუინზ პარკ რეინჯერსი“ დიდი ხნის შემდეგ პირველად დაბრუნდა პრემიერ ლიგაში და ნილ უორნოკი იმდენად ბედნიერი იყო ამ წარმატებით, რომ გადაწყვიტა, არაფერი შეეცვალა. გუნდის შემადგენლობა, რა თქმა უნდა, ცოტათი განახლდა, მაგრამ მიდგომებში სპეციალისტი კონსერვატიული დარჩა.
მან გადაწყვიტა, რომ „ლოფტუს როუდზე“ გასახდელში არაფერი შეეცვალა, ფეხბურთელების თხოვნის მიუხედავად. უორნოკმა უარი თქვა გასახდელის რემონტზეც და კონდიციონერის დაყენებაზეც – ეს ყველაფერი კი ჩემპიონშიპის წარმატებული სეზონის გასახსენებლად.
ჯოვანი ტრაპატონი და ნაკურთხი წყალი
იტალიის ნაკრებმა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი შედეგების მიღწევა ვერ შეძლო, მაგრამ მისი მთავარი მწვრთნელი, ჯოვანი ტრაპატონი ბევრ გულშემატკივარს დაამახსოვრდა.
თუნდაც იმიტომ, რომ ტრაპი ყოველ მატჩზე, თან ატარებდა ბოთლს ნაკურთხი წყლით, რომელსაც მას თამაშების წინ მისი მონაზონი და, რომილდა ჩუქნიდა.
ემერიხ იენეი და იღბლიანი ქვა
ემერიკ იენეი, რომელმაც „სტიაუასთან“ ერთად, ჩემპიონთა თასი მოიგო 1985/86 წლების სეზონში, ადამიანთა უმრავლესობისგან განსხვავებით, რიცხვ 13-ს იღბლიანად მიიჩნევდა და მატჩების წინ ყოველთვის ცდილობდა, იმ ნომრებში დაბინავებულიყო, რომელიც 13-ს შეიცავდა.
მაგრამ იენეის მთავარი ცრურწმენა ქვის სიყვარული იყო. „როცა მოთამაშე ვიყავი, ქუჩაში ქვა ვიპოვე. მტკიცედ მჯეროდა, რომ მომდევნო მატჩში გავიმარჯვებდით, თუკი მოვახერხებდი მიზანში იმ ქვისმორტყმას, რომელსაც ყოველი თამაშის წინ თვითნებურად ვირჩევდი“, – ამბობდა იენეი.