მარკო ვან ბასტენი
Aa
Aa

სათადარიგოდან ჩემპიონობამდე – ვან ბასტენის ტრიუმფი ევროზე, რომელმაც ყველაფერი შეცვალა

მარკო ვან ბასტენის კარიერა, ევრო 1988-მდე ოთხნახევარი წლით ადრე, კინაღამ დასრულდა.

მან „აიაქსში“ მეორე სეზონი კარგად დაიწყო (14 გოლი 12 მატჩში), მაგრამ 1983 წლის ნოემბერში, მონონუკლეოზის გამო, ორთვიანი პაუზა აიღო.

ნიდერლამდელი ფეხბურთელი მოედანზე 1984 წლის 28 იანვარს, ჰააგის სამოყვარულო გუნდთან ამხანაგურ მატჩში დაბრუნდა.

პირველი ტაიმის შემდეგ, ვან ბასტენი შეცვალეს. მან შხაპი მიიღო და მოედნისკენ გაემართა, რათა მწვრთნელების გვერდით დამჯდარიყო. სათადარიგოთა სკამამდე დაახლოებით 25 მეტრი რჩებოდა, როცა მარკომ დაინახა, როგორ ჩამოინგრა ბეტონის გადახურვა.

ამ ინციდენტის შედეგად მთავარი მწვრთნელის დამხმარეები დაშავდნენ. მათ თითების ამპუტაცია დასჭირდათ, ვან ბასტენის პირველი მწვრთნელი კი დაინვალიდდა და მწვრთნელობას თავი დაანება. მარკოს საშხაპედან ორი წუთით ადრე რომ გამოსულიყო, ნანგრევებში ისიც მოჰყვებოდა.

ევრო 1988-ის წინ, ვან ბასტენმა იცოდა, რომ სათადარიგო იყო. ის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობდა, რათა „მილანში“ კარგ ფორმაში დაბრუნებულიყო.

მარკო ვან ბასტენი

სერია A-ს სეზონის დაწყებამდე, მარკომ თითქმის ორი თვე დაისვენა, მაგრამ მარჯვენა ფეხი აწუხებდა. ის ხუთი ტურის განმავლობაში იტანჯებოდა, შემდეგ კი შვეიცარიელი ექიმისგან გაიგო: „თითქმის ერთი წელი გაწყვეტილი კოჭის მყესებით თამაშობდი, სასწრაფოდ ოპერაცია გჭირდება“.

ექიმმა აუხსნა, რომ სხვა შემთხვევაში, მარკო ფეხბურთს უნდა დამშვიდობებოდა და ოპერაციას დათანხმდა. ნახევარი წლის შემდეგ, ვან ბასტენმა სერია A-ს ბოლო ექვსი ტური ითამაშა, გაუტანა „ემპოლისა“ და „ნაპოლის“.

საბოლოო ჯამში, იტალიის ჩემპიონატში მისი დებიუტი მხოლოდ სამი გოლით აღინიშნა. ნაკრებში მარკოს გოლი წელიწადნახევარი არ ჰქონდა გატანილი, მაგრამ მწვრთნელმა რინუს მიხელსმა მაინც წაიყვანა ევრო 1988-ზე. თუმცა, გერმანიაში ტურნირისთვის მზადების დაწყებამდე 5 დღით ადრე, ვან ბასტენმა ამხანაგურ მატჩში, „რეალის“ მეკარისგან ყვრიმალში მიიღო დარტყმა და კიდევ ერთი ოპერაცია გადაიტანა.

ნაკრების ბანაკში, ის ჩალურჯებული თვალით ჩავიდა, რომელიც ყოველდღე ახალ ფერს იღებდა.

თავდასხმაში მიხელსი ჯონ ბოსმანს ეყრდნობოდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის წინა ბოლო სპარინგში რუმინელებს გაუტანა. მარკო ბოლო ნახევარი საათით შევიდა მოედანზე, თანაც მარცხენა ფლანგზე და ვერაფერს მიაღწია.

თამაშის შემდეგ მარკო კრუიფს შეხვდა.

 „არ მისცე მიხელსს უფლება,რომ დაგცინოს! შენ არ ხარ მარცხენა ვინგერი. რატომ თანხმდები ამას? შენ ხომ იცი, რომ თავდამსხმელი ხარ. ჯობია სახლში დარჩე, ვიდრე მარცხენა ვინგერად წახვიდე. ამ პოზიციაზე ჩავარდნის რისკი გაქვს და გაგაკრიტიკებენ“, -  უთხრა იოჰანმა.

ვან ბასტენმა უპასუხა, რომ ხანგრძლივი უქმობის შემდეგ ბედნიერია, თუნდაც სადმე ითამაშოს და სურს, ფორმაში შევიდეს „მილანში“ დაბრუნებამდე – 1987/88 წლების დაკარგული ჩემპიონატის შემდეგ გრძნობდა, რომ ვალში იყო იტალიელების წინაშე.

მარკო გაგებით შეხვდა სათადარიგოს სტატუსს და ვარჯიშებზე თავს არ ზოგავდა. ორმხრივ ვარჯიშებში, მისი გუნდი თითქმის ყოველთვის იმარჯვებდა.

ევროპის ჩემპიონატისგან არაფერს ველოდი, ტურნირი სრულიად არ მანაღვლებდა. გასაგები იყო: ბოსმანი თამაშობს, მე კი არა. ნაკრებში მხოლოდ ფიზიკური კონდიციების ასამაღლებლად ვიყავი. ჩემთვის ეს ჩვეულებრივი სავარჯიშო შეკრება იყო“, - აღიარა მარკომ ავტობიოგრაფიაში.

პირველ მატჩში, ნიდერლანდებმა საბჭოთა კავშირთან წააგო. მარკო ბოლო ნახევარი საათით შევიდა მოედანზე და ყველა დაარწმუნა, რომ შემდეგ ტურში სასტარტოში იმსახურებდა ადგილს.

 4-3-3-ის ნაცვლად, მიხელსმა 4-4-2 აირჩია და ინგლისელების წინააღმდეგ თავდასხმაში მილანელები – გულიტი და ვან ბასტენი დააყენა.

თამაშის წინ მარკო უკვე მომავალ სეზონზე კი არა, იმაზე ფიქრობდა, როგორ მოდუნებულიყო. იცოდა: თუ დაძაბულობას არ მოიხსნიდა, თამაშისას კრუნჩხვები დაეწყებოდა და ყველაფერი დასრულდებოდა.

საბოლოოდ, ვან ბასტენმა სტრესის მოხსნა მოახერხა და ინგლისის წინააღმდეგ, ახალი ძალებითა და მშვიდად გავიდა მოედანზე. პირველი ტაიმის ბოლოს გატანილმა ელეგანტურმა გოლმა ბოლომდე გაათავისუფლა დაძაბულობისგან და შესვენების შემდეგ მარკომ კიდევ ორი გოლი გაიტანა – 3:1.

მარკო ვან ბასტენი

მესამე ტურში ირლანდიის დამარცხებამ, ნიდერლანდები ნახევარფინალში გაიყვანა, რის შემდეგაც ვან ბასტენი თავის საუკეთესო მეგობართან, ჯონ ვანტ სხიპთან ერთად, საბჭოთა კავშირი-იტალიის თამაშს უყურებდა.

დაძაბული მატჩი გამოვიდა, უამრავი ბარათითა და ტრავმით. ჩვენ ვთქვით: „შესანიშნავია. დაე, დახოცონ ერთმანეთი“. გერმანელებთან ჩვენი თამაშის ირგვლივ უფრო დიდი აჟიოტაჟი იყო. მეორე მსოფლიო ომისა და 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გამო, თუმცა, მე არ მაინტერესებდა ანტიგერმანული განწყობა. ეს წარსულში იყო და ჩემს თაობას არ ეხებოდა. ჩემთვის საკმარისი იყო ის, რომ ფავორიტებისა და მასპინძლების წინააღმდეგ ვთამაშობდით“, - იხსენებდა ვან ბასტენი.

მეორე ტაიმში გერმანიამ, მათეუსის პენალტით ანგარიში გახსნა, მაგრამ 20 წუთში ნიდერლანდებმა გაათანაბრეს.

ამის შემდეგ,  ნიდერლანდებმა უფრო ძლიერად დაიწყო თამაში. მატჩის დასრულებამდე 1 წუთით ადრე, ვან ბასტენი ბურთს მისწვდა და მიხელსის გუნდი ფინალში გაიყვანა.

მარკო ვან ბასტენი

„თამაშის შემდეგ ჩვენს გასახდელში, გერმანიის ნაკრების მწვრთნელი, ფრანც ბეკენბაუერი შემოვიდა. მან შეგვქო და მოგვილოცა. ამან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. გამარჯვებას ჰამბურგში აღვნიშნავდით, ჩვენს მეორე ნახევრებთან ერთად ვცეკვავდით. გვაჩვენეს კადრები ნიდერლანდებიდან. ჩვენმა წარმატებამ ქვეყანა ფეხზე დააყენა. მიხელსმა გერმანისთან მატჩს ვადამდელი ფინალიც კი უწოდა, მაგრამ ჩემთვის ფინალი მხოლოდ ერთი იყო“, - დაწერა მარკომ ავტობიოგრაფიაში.

ფინალში მარკოს გუნდი საბჭოთა კავშირს უნდა დაპირისპირებოდა.

გადამწყვეტი თამაში კარგად მიდიოდა, გულიტმა პირველ ტაიმში გახსნა ანგარიში, შესვენების შემდეგ კი ვან ბასტენმა დაღლილობა იგრძნო.

„როდესაც 54-ე წუთზე, ბურთი მიურენისგან ჩემკენ მოფრინავდა, ვიფიქრე: კარგი, დავარტყამ, ზედმეტად დაღლილი ვარ, რომ სხვა რამე გავაკეთო, ვნახოთ, რა გამოვა. შედეგად კი ბურთმა შეუძლებელი ტრაექტორიით გადაუფრინდა დასაევს, მსოფლიოს საუკეთესო მეკარეს. გოლის გატანის შემდეგ სრულ გაოგნებაში ვიყავი: ღმერთო ჩემო, რა მოხდა? ჩემს სახეს ეტყობოდა, რომ არ მჯეროდა იმის, რაც გავაკეთე. პარტნიორები მეკითხებოდნენ: „როგორ მოახერხე ეს?“ წარმოდგენა არ მქონდა. ევრო 1988-მდე წელიწადნახევრის განმავლობაში ვგრძნობდი, რომ ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ იყო, მაგრამ კომპენსაცია მივიღე ყველა ტანჯვისთვის. კრუიფი მირჩევდა, ევროზე არ წავსულიყავი, საბოლოოდ კი ტურნირი ჩემი დიდი საერთაშორისო გარღვევა გახდა“ , - დაწერა მარკომ ავტობიოგრაფიაში.

მარკო ვან ბასტენი

ამ ტურნირის შემდეგ, ვან ბასტენმა „მილანთან“ ერთად სამი ოქროს ბურთი და ორი ჩემპიონთა თასი მოიგო, მაგრამ კოჭის ტკივილი თავს არ ანებებდა.

საბოლოოდ, ოცდაათი წლის ასაკში მარკომ კარიერა დაასრულა, 10 წლის შემდეგ კი ჰოლანდიის ნაკრები ჩაიბარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გატეხილი ლავიწი, სიღარიბე და გზა დიდებულ კარიერამდე - სერხიო აგუერო
გატეხილი ლავიწი, სიღარიბე და გზა დიდებულ კარიერამდე - სერხიო აგუერო