ნარკომაფიასთან კავშირის ბრალდება და გამართლება 17 წლის შემდეგ - პადოვანოს ისტორია
ავტობიოგრაფიაში მიკელე პადოვანომ აღიარა: როგორც ბევრი ტურინელი, ის სულაც არ გულშემატკივრობდა „იუვენტუსს“.
ბავშვობაში წარმოიდგენდა, რომ „ტორინოს“ ვარსკვლავი, პაოლო პულიჩი იყო და ფეხბურთი ისე უყვარდა, რომ არც სწავლა ხიბლავდა და არც თანაკლასელი გოგონები.
ახალგაზრდობაში მიკელე სანტექნიკოსისა და ელექტრიკოსის დამხმარედ მუშაობდა, მაგრამ ცალკე გადასასვლელად მაინც ვერ მოაგროვა ფული და ბინას „კოზენცას“ ახალწვეულთან, ჯანლუკა პრეზიჩისთან იყოფდა.
1986 წელს, პადოვანომ„სალერნიტანას“ მე-13 წამზე გაუტანა - ეს გოლი ყველაზე სწრაფი გახდა იტალიური ფეხბურთის ისტორიაში. მიკელეს რეკორდი მხოლოდ ორი წლის შემდეგ „ინტერის“ ნახევარმცველმა, ჯანფრანკო მატეოლიმ მოხსნა, რომელმაც „ჩეზენას“ მეკარის, სებასტიანო როსის კარი მე-9 წუთზე აიღო.
მომდევნო წელს მიკელეს ნაკლებად უმართლებდა. 1989 წლის ზაფხულში, მისი „ლაციოში“ გადასვლა ჩაიშალა, შემდეგ კი „კოზენცას“ მწვრთნელი ბრუნო ჯორჯი „ფიორენტინაში“ გადავიდა და პადოვანოს ტრანსფერი მოითხოვა. მას პირობა წაუყენეს: იყიდდნენ, თუ უეფას თასზე „სოშოს“ დაამარცხებდა.
მიკელემ ეს იცოდა და „ფიორენტინას“ უფრო მეტად გულშემატკივრობდა, ვიდრე 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იტალიას. ამან არ უშველა: ფრედ დაასრულეს და სერია A-ში დებიუტი ისევ გადაიდო. პადოვანო საშინლად განაწყენდა.
მიკელე სერია A-ში 1990 წლის ზაფხულში მოხვდა. „პიზას“ მფლობელმა, რომეო ანკონეტანიმ, ბუქარესტის „დინამოს“ 45 წლის მწვრთნელი, მირჩა ლუჩესკუ დანიშნა, არგენტინაში დიეგო სიმეონე იყიდა, ხოლო „კოზენცადან“ – პადოვანო.
„ვნახოთ, რისი გაკეთება შეუძლია ბიჭს ასეთი გრძელი თმითა და საყურით“, – მოისმინა მიკელემ ანკონეტანისგან და 11 გატანილი გოლით, პადოვანო გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 1990/91 წლების სეზონში.
მოქმედ ჩემპიონ „ნაპოლის“, პადოვანომ გოლი სტუმრად და სახლშიც გაუტანა. მეორე თამაშის შემდეგ, ის მარადონასთან მივიდა მაისურების გაცვლის იმედით. დიეგომ კი მხარზე ხელი მოხვია და ჩუმად უთხრა: „მომავალ სეზონში ჩემთან ერთად ითამაშებ“.
1991 წლის მარტში, მარადონა კოკაინისთვის დისკვალიფიკაციით დასაჯეს, მაგრამ „ნაპოლის“ ბოსმა, კორადო ფერლაინომ, დიეგოს თხოვნა მაინც შეასრულა და „პადოვანოსთვის ბრძოლაში, „იუვენტუსს“ აჯობა.
2006 წლის გაზაფხულზე, პადოვანო ტურინში ადმინისტრაციული არჩევნებისთვის ემზადებოდა და 10 მაისს, საქმიანი ვახშმისას, შეამჩნია, რომ მას ოთხი კარაბინერი უთვალთვალებდა. გაუკვირდა, მაგრამ მნიშვნელობა არ მიანიჭა და ღამის პირველ ნახევარზე, რესტორნიდან სახლში წავიდა.
სახლისკენ გზაზე, სამმა მანქანამ მოულოდნელად გადაასწრო და გზა გადაუღობა. მკვეთრი დამუხრუჭებისგან, მიკელემ კინაღამ საჭეს თავი დაარტყა.
მანქანებიდან გადმოხტნენ შეიარაღებული ადამიანები, ფეხბურთელი მანქანიდან გადმოათრიეს, მიწაზე დააწვინეს და ხელბორკილები დაადეს.
ამის შედეგ, მიკელე მის სახლში მიიყვანეს, სადაც ჩხრეკა ჩატარდა. გააღვიძეს ფეხბურთელის შვილი და დედა.
სამართალდამცველები სახლის თითოეულ კვადრატულ მეტრს ამოწმებდნენ. საბოლოოდ, ვერაფერი იპოვეს და მიკელე პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. ფეხბურთელი მოათავსეს საკანში და მხოლოდ დილით აუხსნეს, რაში იყო საქმე.
პადოვანო ფიქრობდა, რომ ყველაფერი „იუვეს“ ირგვლივ არსებულ კორუფციულ სკანდალს ეხებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მიზეზი იყო საუბარი მის ბავშვობის მეგობართან, ლუკა მოძოლესთან, რომლის ქალიშვილიც ცხენოსნობით იყო დაკავებული, თავად კი ნარკომაფიასთან იყო დაკავშირებული.
„მიკი, შესანიშნავი ცხენი ვნახე. ყიდვა მინდა, 36 000 ევროს მასესხებ? – უთხრა ლუკამ მას ტელეფონით.
რაზეც პადოვანომ უპასუხა: „პრობლემა არ არის, მაგრამ ფულს შენს ცოლს გადავურიცხავდი. შენ არ ხარ მთლად უნაკლო და მე პრობლემები არ მინდა“.
გამომძიებლებმა ჩათვალეს, რომ მოძოლეს სიტყვებში „ცხენი“ კოდური სიტყვა იყო და მასში ნარკოტიკების პარტია იგულისხმებოდა, მიკელეს კი მაფიის დაფინასებაში დასდეს ბრალი.
ათი დღის შემდეგ, პადოვანო ბერგამოს ციხეში გადაიყვანეს. იქ ყოფნის სამი თვის განმავლობაში, მას არც ერთხელ არ უნახავს ცოლი, რადგან ისიც მაფიასთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი.
რამდენიმე კვირის შემდეგ, მიკელეს პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს.
ნახევარი წლის შემდეგ, უკვე სასამართლო პროცესი დაიწყო. მოძოლემ დანაშაული აღიარა, თუმცა პადოვანოს მონაწილეობას უარყოფდა.
ასე გაგრძელდა 2011 წლის დეკემბრამდე, როდესაც პროკურორმა პადოვანოსთვის 24.5 წელი მოითხოვა, მოსამართლემ კი რვა წელი და რვა თვე მიუსაჯა.
მიკელემ აპელაცია შეიტანა და თავისუფლებაზე რჩებოდა, მაგრამ ის ჯოჯოხეთურ : სიტუაციაში აღმოჩნდა: მას იტალიელ ესკობარს უწოდებდნენ.
ამ პერიოდისთვის პადოვანო აღარ იყო ისეთი მდიდარი. მან სახლი გაყიდა, ხოლო 50 წლის ასაკში, როდესაც პარტნიორმა მიატოვა მათი ერთობლივი ბარი, ის თავად გავიდა იქ სამუშაოდ – შვილთან, ცოლთან და მის დასთან ერთად.
2016 წელს, აპელაციის განხილვა ახალი განაჩენით დასრულდა – 6 წელი და 8 თვე. ეს უკეთესი იყო, ვიდრე წინა ჯერზე, მაგრამ ძალიან ბევრია იმ ადამიანისთვის, ვინც დარწმუნებულია თავის უდანაშაულობაში.
უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებისთვის ახალი ადვოკატები იყო საჭირო, მათთვის კი მიკელეს ფული აღარ დარჩა.
ფეხბურთელმა გაყიდა ძვირფასეულობა, სესხი აიღო და დაიქირავა ელიტარული ტურინელი იურისტები. მათ რამდენიმე წელი მიუძღვნეს პადოვანოს შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და მიაღწიეს განაჩენის გაუქმებასა და საქმის გადახედვას.
2023 წლის 31 იანვარს პადოვანოს ადვოკატებმა დაურეკეს: „ყველაფერი დასრულდა, მიკი, შენ გამართლებული ხარ!“.