როცა ქალთა ფეხბურთზე ვლაპარაკობთ, ყველას ავტომატურად ახსენდება მარტა, რომელიც ბრაზილიის ქალთა ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
„პელე კაბაში“ და „მესი“ ქალთა ფეხბურთში - ასე უწოდებენ მარტას, რომელიც ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც 5 სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანა შეძლო.
2006-დან 2018 წლამდე, ის ფიფას ვერსიით, 6-ჯერ დასახელდა საუკეთესო ქალ ფეხბურთელად.

ვინაიდან სქესის გამო, თანატოლ ბიჭებთან ფეხბურთს არ ათამაშებდნენ, მარტამ თავისი უნარების დახვეწა პატარა ასაკში დაიწყო — ის თავისი პატარა ქალაქის ქუჩებში მიტოვებულ, დაფუშულ ფეხბურთის ბურთებსა და დაჭმუჭნილი სასურსათო პარკებისგან დამზადებულ იმპროვიზებულ ბურთებს აგორებდა.
როგორც მარტა ამბობს, ყველაზე მეტად ამ გზაზე მას მხარს დედა უჭერდა:
„დედაჩემი ძალიან რელიგიურია. ამიტომ მისთვის ეს ასე იყო: „თუ მარტას ფეხბურთის თამაში უწერია, ღმერთი მას გზას უჩვენებს. ასე რომ, აცადეთ“. ეს იყო ყველაფერი, რასაც იტყოდა. შემდეგ კი... სახლში შემოდიოდა, თავის ოთხ შვილს საჭმელს უმზადებდა, რწმუნდებოდა, რომ ყველაფერი გვქონდა, რაც გვჭირდებოდა და მეორე დილით ადრე გასაღვიძებლად ემზადებოდა, რათა ყველაფერი თავიდან დაეწყო. ეს ჩემთვის ძალიან შთამაგონებელი იყო. იმის ყურება, თუ როგორ ცხოვრობდა ის და იმ მხარდაჭერის შეგრძნება, რასაც მაძლევდა, როცა ფეხბურთის თამაშის ნებას მრთავდა იმისთვის, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი. ამან უდიდესი თავდაჯერებულობა შემძინა. ეს ჩემთვის მისი საჩუქარი იყო. ჩვენს ოჯახში ნებისმიერ „არას“ „კი“-დ ვაქცევთ. სულ ერთია, ამას რამდენი დრო დასჭირდება. მან მომცა საშუალება, მეკეთებინა ის, რაც მიყვარდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ რას იტყოდა. სწორედ დედაჩემის დამსახურებაა ის, ვინც დღეს ვარ“.
საბოლოოდ, მარტა ადგილობრივ ბიჭების ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდა. სწორედ ამ გუნდში თამაშისას, 14 წლის ასაკში, ის შენიშნა რიო-დე-ჟანეიროს ცნობილი მამაკაცთა საფეხბურთო კლუბის, „ვასკო და გამას“ სკაუტმა, რომელიც ქალთა გუნდის ჩამოყალიბებას გეგმავდა.
მას შემდეგ მარტა უკვე ქალთა გუნდებში თამაშობდა, თავდაპირველად „ვასკოში“, სანამ ის რამდენიმე წლის შემდეგ არ დაიშალა, შემდეგ კი ბრაზილიის „სანტა კრუზში“, ვიდრე 2004 წელს, შვედურ „უმეოს“ შეუერთდებოდა.

მარტამ საყოველთაო ყურადღება სწორედ „უმეოში“ თამაშის პერიოდში მოიპოვა. მისი ლიდერობით გუნდმა 2004 წელს, უეფა ქალთა თასის (ამჟამად ცნობილი, როგორც ქალთა ჩემპიონთა ლიგა) ტიტული მოიგო, 2007 და 2008 წლებში კი ამავე ტურნირის ფინალში გავიდა.
მარტა ასევე დაეხმარა „უმეოს“ 2005-დან 2008 წლამდე ზედიზედ ოთხჯერ მოეგო „დამალსვენსკანის“ ჩემპიონატი, ხოლო 2007 წელს — შვედეთის თასი.
„უმოაში“ გატარებული ხუთი სეზონის განმ ავლობაში, მარტამ 111 გოლი გაიტანა და სამი სეზონის განმავლობაში (2004, 2005 და 2008 წლებში) ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
2009 წელს, მარტამ ევროპა დატოვა და „ლოს-ანჯელეს სოლთან“ გააფორმა კონტრაქტი. იმავე წელს, მარტა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, თუმცა ფინანსურ პრობლემებში მყოფი ლოს-ანჯელესური კლუბი დაიშალა და ის იმავე ლიგაში მოასპარეზე კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-კლარას „გოლდ პრაიდს“ შეუერთდა.

2010 წელს, მისი ლიდერობით „გოლდ პრაიდმა“ WPS-ის (ქალთა ფეხბურთის პროფესიული ლიგა) ტიტული მოიპოვა, ხოლო 2011 წელს, უკვე „ვესტერნ ნიუ-იორკ ფლეშის“ შემადგენლობაში, ჩემპიონობა მეორედაც იზეიმა.
2009 და 2010 წლების WPS-ის სეზონებს შორის შესვენებების დროს, მარტა სამშობლოში „სანტოსის“ რიგებში თამაშობდა. როდესაც 2012 წელს WPS-მა ფუნქციონირება შეაჩერა, მარტა შვედეთში დაბრუნდა და „ტირესოს“ შეუერთდა. 2014 წელს ის „როზენგარდში“ გადავიდა. სამი წლის შემდეგ კი, აშშ-ის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ლიგის კლუბ „ორლანდო პრაიდს“ შეუერთდა.
მარტამ თავისი თაობის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის სტატუსი, უპირველეს ყოვლისა, ბრაზილიის ქალთა ეროვნულ ნაკრებში მიღწეული წარმატებებით დაიმკვიდრა.
მისი დებიუტი საერთაშორისო ფეხბურთში 2002 წელს, 20 წლამდე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში შედგა.
მომდევნო წელს ის უკვე ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა და 2003 წლის ფიფას ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე სამი გოლი გაიტანა, სადაც ბრაზილია მეოთხედფინალში გამოეთიშა ასპარეზობას.

2007 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე, მან „ოქროს ბუცი“ მოიპოვა (ტურნირზე შვიდი გოლი გაიტანა) და ბრაზილიას მეორე ადგილი მოაპოვებინა.
2011 წელს, მარტამ მსოფლიო ჩემპიონატებზე გატანილი თავისი გოლების რაოდენობა 14-მდე გაზარდა, რითაც ქალთა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული გერმანელ ბირგიტ პრინცთან გაიყო, თუმცა ბრაზილიის ეროვნული ნაკრები კვლავ მეოთხედფინალში გამოვარდა.
მე-15 გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე მან 2015 წელს სამხრეთ კორეის წინააღმდეგ პენალტით გაიტანა — ზუსტად ისეთივე სიტუაციაში და იმავე მეტოქესთან, როგორც თავისი პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე — და ქალთა მსოფლიო ჩემპიონატებზე გოლების გატანის ახალი რეკორდი დაამყარა.
2019 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე, მან მე-17 გოლი გაიტანა, რითაც მსოფლიო ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა ტურნირების ისტორიაში (მანამდე ეს რეკორდი გერმანელს მიროსლავ კლოზე ეკუთვნოდა), მაგრამ ბრაზილია ამ ტურნირს მერვედფინალში დაემშვიდობა.

გარდა ამისა, მარტა დაეხმარა ბრაზილიას 2004 წლის ათენისა და 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლების მოპოვებაში.
2020 წლის ტოკიოს თამაშებზე ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ ხუთ ოლიმპიადაზე შეძლო გოლის გატანა; თუმცა, ბრაზილია მეოთხედფინალში დამარცხდა.
2024 წლის აპრილში მარტამ განაცხადა, რომ პარიზის იმავე წლის თამაშების შემდეგ საერთაშორისო სანაკრებო კარიერას დაასრულებდა.
საფრანგეთში მან თავის ქვეყანა ფინალში გაიყვანა, თუმცა ბრაზილია ამერიკის შეერთებულ შტატებთან 1–0 დამარცხდა. მარტამ კი თავისი მესამე ოლიმპიური ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ამჟამად მარტა 40 წლისაა და ისევ „ორლანდო პრაიდის“ რიგებში თამაშობს. ბრაზილიელი ფეხბურთელი ღიად ლესბოსელია. ის მიმდინარე წლის დასაწყისში თავის ყოფილ თანაგუნდელზე, კერი ლოურენსზე დაქორწინდა.
