გერმანელი სუპერტალანტი, რომელიც ტრავმებმა და დეპრესიამ გატეხა - სებასტიან დაისლერის ისტორია
Aa Aa

გერმანელი სუპერტალანტი, რომელიც ტრავმებმა და დეპრესიამ გატეხა - სებასტიან დაისლერის ისტორია

წარმოიდგინეთ, რომ გერმანული თაობის უდიდესი ტალანტს გიწოდებენ. წარმოიდგინეთ, რამხელა წნეხია, როდესაც თქვენგან საოცრებებს ელიან, ყოველ ნაბიჯზე კი პაპარაცები გითვალთვალებენ. თითოეულ შეცდომას ქვეყნის წამყვანი გაზეთები აანალიზებენ, ტელევიზიით კი ნებისმიერ წამს მზად არიან, გმირიდან ხალხის მტრად გაქციონ. გაართმევდით თავს ასეთ ტიტულს?

სებასტიან დაისლერი

ახალი ათასწლეულის დასაწყისში, სებასტიან დაისლერმა საკუთარ თავზე გამოსცადა, თუ რას ნიშნავს ეს. „სუპერტალანტი“ გერმანული ფეხბურთის მომავლის სიმბოლო იყო — ფეხბურთის, რომელიც ბოლო წლებში მსოფლიო ვარსკვლავებთან აღარ ასოცირდებოდა. ეს იყო ანომალიური დრო „ბუნდესტიმისთვის“: გერმანიის ნაკრები სამარცხვინოდ გამოეთიშა ევრო-2000-ს და სულაც არ ჩანდა ისეთ საშიშ მეტოქედ, როგორც ადრე.

ინგლისელებსაც კი აღარ ეშინოდათ თავიანთი მარადიული მტრის,ხოლო როდესაც რუდი ფიოლერის შეგირდები „სამ ლომთან“ ანგარიშით 1:5 დამარცხდნენ, განგაშის ზარების შემოკვრის დრო დადგა.

მაშინ დაისლერმა ითამაშა და ისიც, სხვების მსგავსად, იმედგაცრუება იყო, მაგრამ თუ სხვებს ეს შერჩათ, ლერახში დაბადებულ ბიჭს ყველაფერში ადანაშაულებდნენ, რადგან სწორედ ის აქციეს გაზეთებმა ქვეყნის მხსნელად და მთავარ იმედად. ის უკეთესი მომავლის იმედის განსახიერება იყო, თუმცა განსაკუთრებული ვერაფერი აჩვენა.

საუბედუროდ, დაისლერმა მოედანზე ცუდად იბრძოლა და ერთ-ერთ გაშვებულ გოლშიც კი მიუძღოდა ბრალი. თუმცა, მისი დადანაშაულება გერმანიის ყველა უბედურებაში არ შეიძლება — მაშინ ყველა ერთნაირად ცუდად ითამაშა. მხოლოდ ერთმა მომენტმა მოხიბლა „ბუნდესტიმის“ აბსოლუტურად ყველა გულშემატკივარი: ბრწყინვალე პასმა ინგლისის მთელ დაცვაში.

დაისლერის ხედვა და ტექნიკა მაშინ ყველასთვის აშკარა გახდა, თუმცა საბოლოო შედეგმა პოზიტიურზე ფიქრის საშუალება არავის მისცა.

სებასტიან დაისლერი

ასე ხდება ხშირად, როდესაც ერთი ადამიანის გარშემო აჟიოტაჟი წარმოუდგენელ მასშტაბებს აღწევს. ვუნდერკინდს, რომელმაც ცოტა ხნით ადრე გააფორმა კონტრაქტი მიონხენგლადბახის „ბორუსიასთან“, არ შესწევდა ძალა, ეხსნა გუნდი მეორე დივიზიონში გავარდნისგან. მაგრამ ეს ხელს არ უშლიდათ როგორც ჟურნალისტებს, ისე გამოჩენილ ფეხბურთელებს, ეწოდებინათ მისთვის ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო.

თავად ფრანც ბეკენბაუერი მას გერმანიაში„ფიზიკურად და ტექნიკურად საუკეთესოს “ უწოდებდა, ნაკრების მწვრთნელ ფიოლერს კი სჯეროდა, რომ დაისლერი „კიდევ ათი წელი გავლენიანი ფიგურა იქნებოდა“.

სამწუხაროდ, მწვრთნელი შეცდა. ამ ხმამაღალი სიტყვებიდან ათი წლის შემდეგ, დაისლერი სადღაც გაქრა. უკვე 2007 წელს, მან ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა და დაასკვნა, რომ პროფესიონალური ფეხბურთი მისი საქმე არ იყო.

გასაკვირია, როგორ შეეძლო ასეთ ტალანტს ასე ჩამქრალიყო, თუმცა ეს ფეხბურთია — აქ შეცდომებს არ პატიობენ. როდესაც რეგრესი იწყება, ძველ დონეზე დაბრუნება ძალიან რთულია. ხოლო თუ მომავალ ლეგენდას გიწოდებენ, შენი თითოეული შეცდომა საქვეყნოდ გამოდის.

სებასტიანის შემოქმედებითი უნარი და უნივერსალურობა გამოვლინდა „გლადბახში“ გატარებულ ხანმოკლე, მაგრამ შესანიშნავ პერიოდში, კიდევ უფრო დაიხვეწა „ჰერტაში“, რომელმაც მას ყველაზე დიდ სცენაზე — ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის შესაძლებლობა მისცა.

სწორედ ევროპული საკლუბო ფეხბურთის ბრწყინვალებასა და გლამურში მოექცა დაისლერი საყოველთაო ყურადღების ცენტრში.

ჩემპიონთა ლიგაზე გამოუცდელი „ჰერტა“ პირველ ჯგუფურ ეტაპზე აუტსაიდერად ითვლებოდა, სადაც მისი მეტოქეები „ჩელსი“, „მილანი“ და „გალათასარაი“ იყვნენ. თუმცა, მწვრთნელ იურგენ რობერის შემტევი სტრატეგიის ცენტრში მყოფი დაისლერით, ასევე ალი დაეის, მიხაელ პრეცისა და დარიუშ ვოშის დახმარებით, გერმანულმა მხარემ მოლოდინს გადააჭარბა და ჯგუფური ეტაპის მეორე რაუნდში გავიდა (იმ დროს ჩემპიონთა ლიგას შერჩევის ჩახლართული სისტემა ჰქონდა, როდესაც გუნდები მეოთხედფინალში გასვლამდე 12 ჯგუფურ მატჩს ატარებდნენ).

სებასტიან დაისლერი

დაისლერის კარიერა მზარდი იყო, სანამ არ მიიღო ტრავმა, რომლისაც ყველა ფეხბურთელს ყველაზე მეტად ეშინია - მოთამაშემ წინა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და იძულებული გახდა, მოედანს ხანგრძლივი და მტანჯველი პერიოდით ჩამოშორებოდა. ცხადია, ამან ძლიერ იმოქმედა ფეხბურთელზე, რომელიც ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო და ბევრმა დამკვირვებელმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, შეძლებდა თუ არა დაისლერი რეაბილიტაციის შემდეგ, ძველებურად ძლიერი დაბრუნებულიყო.

დაისლერი მართლაც დაბრუნდა და დაბრუნებასთან ერთად, მისთვის მნიშვნელოვანი პერიოდიც დადგა: გერმანულმა ტაბლოიდმა Bild-მა გაავრცელა ინფორმაცია შეთანხმების შესახებ, რომლის მიხედვითაც მოთამაშე 2002/03 წლების სეზონის დასაწყისში, მიუნხენის „ბაიერნს“ შეუერთდებოდა.

ტრავმით განადგურებულმა და საკუთარი უზარმაზარი პოტენციალის რეალიზებისთვის მებრძოლმა დაისლერმა, მიუხედავად ყველაფრისა, მიიღო შანსი, თავი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში გამოეჩინა.

იმ დროს მას ტრანსფერის შესახებ დუმილის გამო, თავს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა, თუმცა, დაისლერი ამტკიცებდა, რომ გაჩუმება მას „ჰერტას“ მენეჯერმა, დიტერ ჰიონესმა უბრძანა.

სწორედ ამ დროს დაიწყო მან ფეხბურთისადმი რწმენის დაკარგვა. მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო და თითქოს, მთელი სამყარო ფეხქვეშ ჰქონდა, ეჭვის მარცვლები მის ცნობიერებაში ღრმად ჩაითესა, რამაც დაისლერის ვნება და ჟინი სამუდამოდ შელახა.

სებასტიანი თავს მარტოსულად გრძნობდა. ასევე იმედგაცრუებული იყო ჰიონესით, რომელიც მანამდე მისი მენტორი იყო, მაგრამ ვერ შეძლო ფეხბურთელის სათანადოდ დაცვა იმ შეურაცხყოფის ტალღისგან, რომლის გადატანაც მას მოუხდა.

„ამის ნაცვლად, ჰიონესი გვერდზე იდგა და უყურებდა, როგორ მაძევებდნენ ბერლინიდან. აი, რამ გააფუჭა ჩემი შეხედულების გაფუჭება ფეხბურთზე. ეს იყო სასიკვდილო დარტყმა. დღეს ვიცი, რომ ეს ის მომენტი იყო, როცა უნდა გავჩერებულიყავი“, — განაცხადა დაისლერმა მოგვიანებით Die Zeit-თან ინტერვიუში.

თუ დაისლერი მიიჩნევდა, რომ „ბერლინელი მესიის“ სტატუსი ძალიან დიდ წნეხს წარმოადგენდა, „ბაიერნის“, როგორც საფეხბურთო კლუბის დამთრგუნველმა სიდიადემ, მას საბოლოოდ უბიძგა ბნელი დერეფნისკენ.

სებასტიანი „ბაიერნში“ ყავარჯნებით მივიდა, რადგან მარჯვენა მუხლთან დაკავშირებული პრობლემები გრძელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ოტმარ ჰიცფელდი აცნობიერებდა იმ დამანგრეველ ტრავმებს, რომლებიც დაისლერს კარიერის განმავლობაში უკვე მიღებული ჰქონდა, ის მაინც იმედოვნებდა, რომ „ბაიერნის“ თამაშის აგებას სწორედ ამ ნახევარმცველის გარშემო შეძლებდა.

სებასტიან დაისლერი

დაისლერი შტეფან ეფენბერგის მემკვიდრედ მიიჩნეოდა, მას შემდეგ, რაც „ბაიერნის“ ვეტერანი ლიდერი „ვოლფსბურგში“ გადავიდა.

და თუმცა ეფენბერგსა და დაისლერს შორის პარალელები საფეხბურთო თვალსაზრისით აშკარა ჩანდა, მათი მენტალიტეტი მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, რომელიც რამდენიმე დიდი ჯილდოთი აღინიშნა, ეფენბერგს თავისი მრისხანე და უკომპრომისო ხასიათის გამო სიყვარულით „ვეფხვი“ შეარქვეს.

ის ცნობილი იყო თავისი „ეკლიანი“ ხასიათით და ხელმძღვანელობასთან რამდენიმე დაპირისპირებაც ჰქონდა, რომელთაგან ერთ-ერთმა ნაადრევად დაუსვა წერტილი მის სანაკრებო კარიერას.

დაისლერი სულ სხვანაირი იყო. „ჰერტადან“  არც თუ ისე მარტივად წასვლით უკვე გამოფიტულ მოთამაშეს, როგორც ჩანს, საბოლოოდ დაეკარგა ძველი შემართება და ფეხბურთისადმი ვნება. თუ ეფენბერგი დაუღალავი და სიცოცხლით სავსე იყო, დაისლერი მის ფონზე მკრთალ ჩრდილს ჰგავდა. თუმცა, ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ცოტამ თუ იცოდა.

2003 წელს, სებასტიანმა საფეხბურთო სამყარო გააოცა, როდესაც კარიერაში პაუზა აიღო მძიმე დეპრესიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო.

„არანაირი დროითი გეგმა არ არსებობს და მეტჯერ აღარ ვაპირებ საკუთარ თავზე ზეწოლას. ეს არის გაკვეთილი, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მივიღე. ის დრო, როცა ფეხბურთს დავუბრუნდები, ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. ჯერ უნდა გამოვჯანმრთელდე. ვიცი, რომ დეპრესია მაქვს და ავად ვარ. მჭირდება, რომ თავი დამანებონ. როდესაც დრო მოვა, მეტს ვიტყვი“ - განაცხადა დაისლერმა ინტერვიუში რეაბილიტაციის პერიოდში.

ხანმოკლე დაბრუნებისა და რეციდივის შემდეგ, 2004/05 წლების სეზონში, დაისლერი საბოლოოდ მზად ჩანდა „ბაიერნის“ შემადგენლობაში დასაბრუნებლად. თუმცა, მან კვლავ დაიზიანა მუხლი და გამოტოვა მსოფლიო ჩემპიონატი საკუთარ სამშობლოში. ტრავმები არ მცირდებოდა, რასაც თამაშის მიმართ იმედგაცრუების ზრდაც დაემატა — დაისლერი პროფესიონალური ფეხბურთიდან წასვლის გამოცხადების ზღვარზე იყო.

სებასტიან დაისლერი

სებასტიანი გუნდს 2006 წლის ნოემბერში დაუბრუნდა, მაგრამ გულის სიღრმეში იცოდა, რომ დიდხანს ვერ გაძლებდა. საბოლოოდ, 2007 წელს, სამაგალითო სიმამაცის გამოჩენით, დაისლერმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, რადგან იცოდა, რომ მისი ცხოვრება ფეხბურთს მიღმა იყო.

ის კარიერის დასაწყისში ბრწყინავდა, მაგრამ ხანდახან მოთამაშე და სპორტი ერთმანეთს არ ემთხვევა. ზოგჯერ საჭიროა გარკვეული ხარისხის მიმღებლობა. ტრავმების, ოპერაციებისა და დეპრესიის პერიოდების შემდეგ, დაისლერი შეეგუა ამ რეალობას და წასვლა გადაწყვიტა.

სებასტიანის დაცემა გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი ისტორიაა, თუმცა ის ასევე მნიშვნელოვანი გამოდგა ფეხბურთში დეპრესიის შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის.

„ის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, რომელიც კი ოდესმე გერმანიას აღუზრდია და სწორედ ამიტომ არის მისი გაგება ასე რთული. თუმცა, ჩვენ ეს ბრძოლა წავაგეთ“, — განაცხადა მიუნხენის „ბაიერნიდან“ დაისლერის წასვლის შემდეგ ული ჰიონესმა.

ული ჰიონესი და სებასტიან დაისლერი

ბეკენბაუერი კი შეეხო ზოგიერთ ეჭვს, რომელიც „ბაიერნს“ მოთამაშის გაფორმებისას ჰქონდა: „დაისლერი ჩვენს კლუბში მოვიდა, როგორც უკიდურესად ინტროვერტი ადამიანი. მაგრამ ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, რომ სიტუაცია ფსიქოლოგიურ პრობლემად გადაიქცეოდა“.

თავის ავტობიოგრაფიაში დაისლერი მიუნხენში განცდილ წნეხს მისი დეპრესიის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ასახელებს. „მე ყოველთვის ვიხშობდი ყველაფერს საკუთარ თავში და ვფიქრობდი: „კლუბს ვჭირდები“. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა“.

მოგვიანებით მან Die Zeit-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დაამატა: „19-20 წლის ვიყავი, როდესაც გერმანელებმა დაჯერეს, რომ მე შემეძლო მათი ფეხბურთის გადარჩენა. დამოუკიდებლად, მარტო“.

გაზიარება: