იურგენ კლოპი, დიოგუ ჟოტა
Aa Aa

გონდომარიდან ენფილდამდე: დიოგუ ჟოტა - ვარსკვლავი, რომელიც ნაადრევად ჩაქრა

„ერთხელ, როდესაც ექვსი წლის ვიყავი, მამამ ცურვის სექციაში ჩამწერა. ტირილით ვეკითხებოდი, შემეძლო თუ არა მის ნაცვლად ფეხბურთი მეთამაშა, რადგან ვარჯიშები ერთსა და იმავე დროს იწყებოდა. ფეხბურთი გაცილებით მეტად მიყვარდა. ჩემი ყველაზე ადრეული მოგონებები ევრო-2004-ს უკავშირდება, როდესაც პორტუგალია ფინალში გავიდა და სამწუხაროდ, დამარცხდა. მაშინ შვიდი წლის ვიყავი და ეს ყველაფერი კარგად მახსოვს. ფეხბურთი ყოველთვის ჩემი ვნება იყო“, - იხსენებდა დიოგუ ჟოტა.

შემდეგი 9 წელი მან „გონდომარში“ გაატარა. როგორც დიოგუ ამბობდა, გუნდი მისი მეორე ოჯახი გახდა, თუმცა ეს უფრო ფასიანი საფეხბურთო სექცია იყო და ხელფასზე, როგორსაც რონალდუ „სპორტინგის“ ბავშვთა გუნდში იღებდა, საუბარიც არ ყოფილა – პირიქით, მშობლები იხდიდნენ ფულს, რომ დიოგუს ეთამაშა.

2013 წლის 2 დეკემბერს, „გიმარაეშის“ სკაუტმა, ივო როდრიგეშმა, ჟოტა ახალგაზრდულ ტურნირზე ნახა და მთელი საღამო თვალი არ მოუშორებია.

„ის მოედანზე ყველაზე პატარა იყო, მაგრამ დავინახე, რომ ვარსკვლავი გახდებოდა, ამიტომ მატჩის შემდეგ გასახდელთან ველოდებოდი. შემდეგ სახლში მივედი და მაშინვე მოხსენება შევადგინე ჩემი უფროსებისთვის. მეორე დღეს ვურჩიე, დიოგუ რაც შეიძლება მალე გაეფორმებინათ. მოგვიანებით მას მეორედაც ვუყურე, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, პირველი ნახვაც საკმარისი იყო. მკაფიოდ მესმოდა, რომ ის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო და ეს რამდენჯერმე ხაზგასმით აღვნიშნე. „გიმარაეშს“ ოთხი სკაუტი ჰყავდა, რომლებიც მატჩებს მთელ პორტუგალიაში აკვირდებოდნენ და შემდეგ ჩვენს ანგარიშებს ვადარებდით. დიოგუ იყო ის, ვისაც ყველაზე ცოტა ხანს ვუყურეთ, თუმცა ჩვენს რეიტინგს სათავეში ჩაუდგა. მას შეეძლო იმის გაკეთება, რაც სხვებს არ შეეძლოთ“, - თქვა როდრიგეშმა მოგვიანებით.

ჟოტა სულ რაღაც 2400 ევრო ღირდა, თანაც თანხის განაწილებაც იყო დაშვებული, მაგრამ „გიმარაეშმა“ ფული მაინც არ გადაიხადა.

საბოლოოდ, დიოგუ „პასუშ ფერეირაში“ აღმოჩნდა და 2015 წლის თებერვალში, პაულუ ფონსეკას ხელმძღვანელობით, მისი დებიუტი შედგა. მომდევნო სეზონში ის პორტუგალიის ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე გახდა.

დიოგუ ჟოტა

„პასუშის“ მწვრთნელი, ჟორჟე სიმაუ ყვებოდა, რომ რამდენიმე ვარჯიშის განმავლობაში, მემარჯვენე დიოგუ მხოლოდ მარცხენა ფეხს იყენებდა, რათა უფრო თავდაჯერებული და უნივერსალური გამხდარიყო.

პირველ სრულ სეზონში დაგროვილი 14 გოლისა და 10 საგოლე გადაცემის შემდეგ, ჟოტამ უკვე 2016 წლის გაზაფხულზე „ატლეტიკოსთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მას „არსენალი“ და „ვესტ ჰემი“ ეპატიჟებოდნენ, მაგრამ დიოგუმ მადრიდელები აირჩია.

„სიმეონე ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მწვრთნელია, რომელთანაც წინასასეზონო მომზადება გამივლია. დილის შვიდ საათზე ვდგებოდით და საუზმის შემდეგ გოლფის მოედანზე მივდიოდით. მაგრამ სათამაშოდ არა! ჩვენ უბრალოდ დავრბოდით, დავრბოდით და კიდევ ერთხელ დავრბოდით. შემდეგ ისევ ვსაუზმობდით და წინ დარბაზში შესასრულებელი 20 ვარჯიში გველოდა. შუადღისას ტაქტიკაზე ვმუშაობდით. სიმეონე დამეხმარა „ატლეტიკოს“ ფილოსოფიის გაგებაში. რა თქმა უნდა, მათი თამაშის სტილი არავის მოსწონს, მაგრამ იმაში, რასაც აკეთებენ, ძალიან ძლიერები არიან“,  – იხსენებდა ჟოტა.

პირველ ამხანაგურ შეხვედრაში, ჟოტა შეტევაში ფერნანდო ტორესთან ერთად გამოვიდა, თუმცა საბოლოოდ სიმეონეს გეგმებში ვერ მოხვდა და „პორტუში“ იჯარით გატარებული სეზონის შემდეგ, „ვულვერჰემპტონში“ გადავიდა.

2019 წლის იანვარში, ჟოტამ „ლესტერთან“ მატჩში (4:3) ჰეთ-თრიკი შეასრულა - გამარჯვების გოლი 93-ე წუთზე გაიტანა და თამაშის შემდეგ თქვა: „თავს მსოფლიოში უდიდეს ადამიანად გრძნობ, როდესაც ასეთ შეხვედრაში იმარჯვებ“.

სეზონის ბოლომდე დარჩენილ თვეებში, დიოგუმ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გატანილი ორი გოლითაც გაითქვა სახელი.

დიოგუ ჟოტა

რამდენიმე თვის შემდეგ ჟოტამ ნაკრებში პირველად ითამაშა - ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ლიეტუვასთან მატჩში მან რონალდუ შეცვალა (ამ დროს ანგარიში უკვე 6:0 იყო). მაშინ დიოგუმ მხოლოდ შვიდი წუთი მიიღო. შემდეგი თამაში ლუქსემბურგთან უფრო რთულად წარიმართა, პორტუგალია მხოლოდ 1:0-ს იგებდა და მეორე ტაიმის შუაში, ფერნანდუ სანტუშმა ჟოტა ანდრე სილვას ნაცვლად შეიყვანა.

15 წუთის შემდეგ, ბერნარდუ სილვას ჩაწოდებისის შემდეგ, დიოგუმ ბურთი მკერდით მიიღო და არცთუ ისე დახვეწილი „მაკრატელა“ შეასრულა. დარტყმა არც ისე ძლიერი გამოვიდა, თუმცა მეკარე დააბნია, რომელსაც ბურთი მხარზე მოხვდა და   კარისკენ გაფრინდა. ჟოტას სადებიუტო გოლის გატანა რონალდუმ არ აცალა: კრიშტიანუ მივარდა და ბურთი ბადეში თითქმის კარის ხაზიდან შეაგდო.

დიოგუ ამაზე სულაც არ განაწყენებულა, ერთი თვის შემდეგ კი ევროპის ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკი შეასრულა. „ბეშიქთაშმა“ მისგან სამი გოლი 9 წუთსა და 38 წამში გაუშვა, ამასთან, პირველი გოლი ჟოტამ რუბენ ნევეშის შეცვლისთანავე გაიტანა.

ევროპის ლიგის მომდევნო მატჩში, ჟოტამ ჰეთ-თრიკი უკვე „ესპანიოლს“ შეუსრულა და ბრწყინვალე ფორმა აჩვენა. კატალონიელებთან თამაშის შემდეგ, პრემიერ ლიგაში „ნორვიჩსა“ და „ტოტენჰემსაც“ გაუტანა. თუმცა, კორონავირუსის გამო სეზონი შეწყდა.

2020 წლის სექტემბერში, ჟოტა „ლივერპულში“ გადავიდა. The Athletic-ი მაშინ წერდა, რომ კლოპს ჟოტას უნივერსალურობა, კრეატიულობა, დისციპლინა და სიჩქარე მოეწონა. იურგენი ორი-სამი წელი აკვირდებოდა დიოგუს და ის ყველა დეტალში შეისწავლა.

„ჩვენ ბევრი ვარიანტი გვაქვს მისი გამოყენებისთვის. ის 23 წლისაა, დიდი პოტენციალი აქვს და მისი თამაში ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. ის სწრაფია, შეუძლია კომბინაციური თამაში, დაცვა და პრესინგი. ეს ჩვენს თამაშს უფრო არაპროგნოზირებადს გახდის და სხვადასხვა ტაქტიკური მიდგომის შესაძლებლობას მოგვცემს, რადგან მას შეუძლია შეტევის ნებისმიერ პოზიციაზე თამაში 4-3-3 სქემაში, ან ორივე ფლანგზე - ოთხი ნახევარმცველით თამაშისას. ამასთან, მას აქვს ჩვენი გუნდისთვის დამახასიათებელი თვისებები: ვნება, ჟინი და მიზანდასახულობა. ძალიან მიხარია, რომ ის ახლა ჩვენთანაა. გარდა ამისა, კარგი ბიჭია და აქ ყოფნით ბედნიერია. მან იცის, რომ ეს მისთვის ახალი ნაბიჯია. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, როგორ გავაძლიეროთ გუნდი, რომელმაც გასულ წელს თითქმის ყველა ტურნირი მოიგო. მას შეუძლია მოგვცეს ის, რაც არ გვაქვს და ეს შესანიშნავია“, -  განაცხადა კლოპმა დიოგუს „ლივერპულში“ გადასვლის შემდეგ.

ჟოტამ მალევე დაადასტურა მწვრთნელის სიტყვები - პირველივე მატჩში „არსენალს“ გაუტანა, მანეს ნაცვლად მოედანზე შესვლიდან რვა წუთში. გოლის გატანამდე, დიოგუ სრულიად თავისუფალი იყო, რითაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თამაშს საოცრად გრძნობდა და თავისუფალ სივრცეს კარგად პოულობდა.

მართალია, „ლივერპულში“ ჩატარებული პირველი 90 წუთი შოკისმომგვრელი გამოდგა („ასტონ ვილასთან“ 2:7), თუმცა დანარჩენი შემოდგომა ბრწყინვალე იყო - ოთხ-ოთხი გოლი პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე, კიდევ ერთი გოლი ევროთასზე.

2020 წლის ნოემბრის ბოლოს „ლესტერთან“ გატანილი გოლიც უნიკალური გამოდგა - ჟოტამ ის „ლივერპულის“ შეტევაში შესრულებული 30 გადაცემის შემდეგ შეაგდო: ეს არის კლუბის ყველაზე ხანგრძლივი საგოლე ბილდ-აპი (შეტევის აგება) მას შემდეგ, რაც ასეთი სტატისტიკის წარმოება დაიწყო (2006/2007 სეზონიდან).

„ლივერპულში“ გატარებულ პირველ 2 თვეში ჟოტამ თავი მრავალმხრივ შემტევად წარმოაჩინა.

დიოგუ ჟოტა

ამის შემდეგ მან „მიდტიულანდთან“ განმეორებით მატჩში, მუხლი დაიშავა და რამდენიმე თვე გამოტოვა. „ლივერპულის“ გულშემატკივრებმა ის იმით ანუგეშეს, რომ ზედიზედ მეორედ აღიარეს გუნდის საუკეთესო მოთამაშედ. სანამ დიოგუ მკურნალობდა, კლოპმა პრემიერ ლიგის 15-დან მხოლოდ 5 მატჩი მოიგო.

პაუზის დროს ჟოტა მამა გახდა და დაბრუნებიდან მალევე გუნდს „ვულვზთან“ გამარჯვება მოუტანა. „წარმოუდგენელია, რომ სამთვიანი უქმობის შემდეგ, ფეხბურთელი გუნდზე მაშინვე ასეთ გავლენას ახდენდეს“, – აღფრთოვანებას ვერ მალავდა კლოპი.

მოგვიანებით დიოგუმ არტეტას „არსენალი“ გაანადგურა და „მანჩესტერ იუნაიტედს“ ქუსლით გაუტანა, „ლივერპულმა“ კი „ოლდ ტრაფორდზე“ 2014 წლის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა, მიუახლოვდა ჩემპიონთა ლიგის ზონას და სეზონიც იქ დაასრულა.

„დიოგუ გამორჩეული მოთამაშე და შესანიშნავი ბიჭია. ის წელიწადნახევრის წინ შემოგვიერთდა და ეს იდეალური ტრანსფერია. მას აქვს ყველაფერი, რაც „ლივერპულის“ მოთამაშეს სჭირდება: ტექნიკაც და ფიზიკური მონაცემებიც. ამასთან, ძალიან ჭკვიანია, რის გამოც ტაქტიკურ მასალას სწრაფად ითვისებს. ჟოტას შეუძლია ითამაშოს როგორც სამი ფორვარდის სქემაში, ისე „ათიანის“ პოზიციაზე. მას აქვს სისწრაფე და გატანის სურვილი. მისი სტატისტიკა კარგია. სამწუხაროდ, გასულ წელს სერიოზული ტრავმა მიიღო, რაც ფეხბურთელს არასოდეს ეხმარება. მაგრამ ახლა ის დაბრუნდა და გუნდს მშვენივრად შეეწყო“, – ამბობდა კლოპი 2021 წლის შემოდგომაზე, ჟოტას საგოლე სერიის პიკში.

იურგენ კლოპი და დიოგუ ჟოტა

ტრენტთან საოცარი ურთიერთგაგების ჩამოყალიბების შემდეგ, ჟოტამ მისი გადაცემებით ორჯერ გაუტანა „არსენალს“ ლიგის თასის ნახევარფინალში, რამდენიმე კვირაში კი პირველი ტიტული მოიგო.

2022 წლის მარტის ბოლოსთვის, დიოგუ ტოპ-ლიგების ყველაზე შედეგიანი პორტუგალიელი გახდა და რონალდუსაც კი გაასწრო. რაც ყველაზე საინტერესოა - 178 სმ სიმაღლის მიუხედავად, ის პრემიერ ლიგაში თავით ყველაზე მეტს იტანდა.

ჟოტამ კარიერაში ყველაზე შედეგიანი სეზონი ჩაატარა (21 გოლი + 8 პასი), თუმცა ნაკრებში თამაშისას მუხლი კვლავ დაიზიანა და ჩემპიონატში 2022 წლის სექტემბრამდე არ უთამაშია.

დაბრუნების შემდეგ გოლებთან დაკავშირებით საქმე კარგად არ მისდიოდა, სამაგიეროდ, „რეინჯერსთან“ მატჩში, შეცვლაზე შესვლისთანავე, ხუთ წუთში სალაჰს სამი საგოლე პასი მიაწოდა. რამდენიმე დღის შემდეგ ჟოტა გუნდს „მანჩესტერ სიტის“ დამარცხებაში დაეხმარა, თუმცა ბოლო წუთებზე წვივი დაიზიანა.

„უცნაური ტრავმა მქონდა. „ლივერპულის“ ექიმებმა მითხრეს, რომ მსგავსი არაფერი ენახათ და სპეციფიკური სპეციალისტებისთვის უნდა მიგვემართა“ – იხსენებდა დიოგუ.

ჟოტას რეაბილიტაცია გაიწელა და მან კატარის მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა. დაბრუნების შემდეგ ჟოტას დიდხანს ვერ გაჰქონდა გოლები, თუმცა მოგვიანებით ორი დუბლით გამოიჩინა თავი. „ტოტენჰემთან“ გამართული დრამატული მატჩის (4:3) ბოლო წუთზე კი, კლოპმა დიოგუს გამარჯვების გოლის აღნიშვნისას, ბარძაყის კუნთი დაიზიანა.

კლოპი ყოველთვის აღფრთოვანებული იყო დიოგო ჟოტას საფეხბურთო ინტელექტით, ჯეიმი კარაგერი კი ამბობდა:

„მას შეუძლია ითამაშოს მარცხნივ, მარჯვნივ და ცენტრში. „ლივერპული“ ჯერ კიდევ ცდილობს გაარკვიოს, ვინ შეასრულებს ამ როლს [ცენტრში], მაგრამ მაინც იგებს. სალაჰის გარეშეც კი. მათ ჰყავთ დიასი, ჟოტა, ჰარვი ელიოტი [მარჯვნივ]. შესაძლოა, ახლა ეს ჟოტას პოზიციაა. „ლივერპულში“ მე ბრწყინვალე თავდამსხმელებთან ერთად მითამაშია. ვფიქრობ, მათ შორის ჟოტა საუკეთესო დამგვირგვინებელია“.

ჯეიმი გულისხმობდა კლოპის ბოლო ლივერპულურ სეზონს, როდესაც ჟოტამ ტრავმების გამო ბევრი თამაში გამოტოვა, თუმცა მაინც 15 გოლი და 5 ასისტი დააგროვა.

„როდესაც ტრავმის გამო გარკვეული დროით უქმოდ ხარ, ეს ნოკაუტს ჰგავს. კიდევ უფრო უარესია, თუ გუნდს საქმეები კარგად არ მისდის, შენ კი არაფრით შეგიძლია დახმარება.როდესაც შედეგები სახარბიელო არ არის, ორმაგ იმედგაცრუებას განიცდი, რადგან გრძნობ, რომ შეგეძლო გვერდით ყოფილიყავი, დახმარებოდი და მაშინ, შესაძლოა, ყველაფერი სხვაგვარად წარმართულიყო. ეს ძალიან უსიამოვნო შეგრძნებაა“ – ამბობდა ჟოტა Daily Mail-თან ინტერვიუში.

სწორედ დიოგუმ გაიტანა „ლივერპულის“ პირველი გოლი არნე სლოტის მოსვლის შემდეგ, ხოლო მორიგი ტრავმის შემდეგ კი, როდესაც შეტევის ცენტრში ლუჩო დიასმა დაიწყო თამაში, ჟოტამ რამდენიმე ბურთი შეცვლაზე შესვლის შემდეგ გაიტანა. მათ შორის იყო გამარჯვების გოლი მერსისაიდულ დერბიში: მან გარნერს ბურთი აართვა, წინ დაიძრა, დიასისგან პასი მიიღო, გუიე და ტარკოვსკი დახვეწილი მოძრაობით ჩამოიშორა და პიკფორდის კარში ზუსტად დაარტყა.

დიოგუ ჟოტა

„მე ყოველთვის მჯერა საკუთარი თავის. მჯერა, რომ მომენტები მექნება და ისინი უნდა გამოვიყენო. იმედი მაქვს, ამ მატჩიდან ჩემთვის კარგი სერია დაიწყება, რომელიც გუნდისთვის სასარგებლო იქნება“, - განუცხადა ჟოტამ Sky Sports-ს.

ამ გოლმა „ლივერპულს“ „ევერტონზე“ მეასე გამარჯვება მოუტანა და ჩემპიონობასთან დააახლოვა. თუმცა, დიოგუსთვის ეს გოლი უკანასკნელი აღმოჩნდა.

გასული წლის 3 ივლისს, პორტუგალიელი ფეხბურთელი ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა. ჟოტა თავის ძმასთან, 26 წლის ანდრესთან ერთად, ესპანეთში, ზამორას პროვინციაში იმყოფებოდა: მათი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ავარიის შედეგად ორივე ძმა ადგილზე დაიღუპა.

ეს იყო შოკი არა მხოლოდ „ქალაქელებისთვი“, არამედ მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის. „ლივერპულმა“ დაკარგა არა მხოლოდ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, არამედ ადამიანი, რომელიც სლოტის ახალი პროექტის გული უნდა გამხდარიყო.

ენფილდზე აჟღერებული You'll Never Walk Alone მას შემდეგ სულ სხვაგვარად ჟღერს -  იმ დაუმთავრებელი ისტორიის განცდით, რომელიც დიოგუ ჟოტას უნდა დაეწერა.

დიოგუ ჟოტა

გაზიარება: