„ ეს ტურნირის მთლიანობას არღვევს“ - კარვახალი აშშ-ში ლა ლიგის მატჩებზე
დანიელ კარვახალი მაიამიში ლა ლიგის მატჩის ჩატარების წინააღმდეგია.
უეფამ გამონაკლისის სახით ნება დართო „ბარსელონას“ და „ვილიარეალს“ ლა ლიგის მატჩი მაიამიში ჩაეტარებინათ. შეხვედრა, რომელიც „ლა სერამიკაზე“ ვილიარეალში უნდა გამართულიყო, 20 დეკემბერს მაიამიში ჩატარდება.
„მიმაჩნია, რომ ეს ტურნირის სამართლიანობასა და მთლიანობას არღვევს, რადგან ლიგის ყველა გუნდი ერთნაირ პირობებში არ იასპარეზებს.
და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თვითონ, მოთამაშეებმა და კლუბებმა, სამართლიანობა დავიცვათ“,
– განაცხადა „რეალის“ მარჯვენა მცველმა.
ამ ინოვაციას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. კარვახალი არც პირველი და არც უკანასკნელია, რომელიც საზღვარგარეთ შიდა ჩემპიონატის მატჩების გამართვის წინააღმდეგია.
ესპანეთში მსგავსი იდეა პირველად სუპერ თასზე გაუჩნდათ, რომლის საზღვარგარეთ ჩატარებით კლუბები სოლიდურ შემოსავალს იღებენ. წარმატებული პრაქტიკის შემდეგ, როგორც ჩანს, შიდა ჩემპიონატის შეხვედრების დროც დადგა.