ბითაძე გამოარჩიეს - ჯგუფური ეტაპის შეჯამება
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის საგზური ისტორიაში მეორედ მოიპოვა და მერვედფინალში ხვალ, ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, საფრანგეთს დაუპირისპირდება. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ გოგა ბითაძე, რაც ბუნებრივია სტატისტიკოსებსაც არ გამოჰპარვიათ და „ორლანდო მეჯიქის“ ქართველი ლეგიონერი ორ კომპონენტში გამოარჩიეს.
დაგროვებული 2-ქულიანების პროცენტული მაჩვენებლით, ჯგუფურ ეტაპზე გოგაზე (72.4 %) უკეთესი შედეგი მხოლოდ ორ კალათბურთელს, სერბ ნიკოლა იოკიჩს (75.6%) და ისლანდიელ ტრიგვი ჰილნასონს (75%) ჰქონდა. ასევე გასაკვირი არ არის ის ფაქტიც, რომ ბითაძე დაფარებებშიც (საშუალოდ 2.0), რომელიც მისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა, საუკეთესოებს შორის მოხვდა და მხოლოდ იმავე ჰილნასონს (2.4) ჩამორჩა.
ცნობისათვის, გოგა ბითაძემ ჯგუფურ ეტაპზე ხუთიდან ოთხ შეხვედრაში ითამაშა, ხოლო საბერძნეთთან მატჩში დასვენების საშუალება მიეცა. ესპანელებთან (15 ქულა, 5 მოხსნა, 2 ასისტი), იტალიელებთან (22 ქულა, 4 მოხსნა), კვიპროსელებთან (21 ქულა, 13 მოხსნა) და ბოსნიელებთან (15 ქულა, 5 მოხსნა, 1 ასისტი) კი, ძალიან სასარგებლო იყო.