„არცერთი ოფიციალური წინადადება“ | რას წერს Le10Sport დავითაშვილზე
„სენტ-ეტიენის“ ქართველ ფეხბურთელს, ზურიკო დავითაშვილს, არაერთ უცხოურ კლუბს უკავშირებენ. ბოლო პერიოდში „ევერტონზე“, „რენზე“, „სტრასბურგზე“, „გლადბახზე“ და „სევილიაზე“ დაიწერა, თუმცა Le10Sport-ის მიხედვით, „მწვანეებს“ ოფიციალური შეთავაზება არც ერთისგან მიუღიათ.
„ზურიკო დავითაშვილთან დაკავშირებით „სენტ-ეტიენის“ პოზიცია ნათელია — ქართველი ფეხბურთელი არ იყიდება. კლუბი მზად იქნება პოზიციის გადასახედად თუ 20 მილიონი ევროს ოდენობის წინადადებას მიიღებს. ამ ეტაპზე „მწვანეებისთვის“ მსგავსი შეთავაზება არავის გაუკეთებია.
ჩვენი ინფორმაციით, ამ ზაფხულს „სენტ-ეტიენს“ დავითაშვილის თაობაზე არც ერთი ოფიციალური წინადადება არ მიუღია. 24 წლის გარემარბს სატრანსფერო ბაზარზე კარგი რეპუტაცია აქვს, თუმცა „სენტ-ეტიენის“ მიერ მოთხოვნილი თანხა მისით დაინტერესებულ კლუბებს აფრთხობს. ამჟამინდელი მდგომარეობით, დავითაშვილს „სენტ-ეტიენიდან“ წასვლა გაუჭირდება,“ — წერს ფრანგული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ზურიკოს „მწვანეებთან“ ხელშეკრულება 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ქართველმა ფეხბურთელმა 2025/26 წლების სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და „ლავალთან“ ცვლილებაზე შევიდა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 10 მილიონი ევროა.