დონარუმა იმედგაცრუებულია | იტალიელი მეკარის პარი სენ-ჟერმენიდან წასვლა გადაწყვეტილია
„პარი სენ-ჟერმენი“ უეფას სუპერ თასის შეხვედრაში „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება და გასული სეზონის ერთ-ერთი გმირის, ჯანლუიჯი დონარუმას გარეშე იასპარეზებს. იტალიელი მეკარე სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა და ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ „პარკ დე პრენსს“ დატოვებს.
დონარუმა სუპერ თასის განაცხადს მიღმა დარჩენით იმედგაცრუებულია. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ურთიერთობა განადგურებულია და პრობლემები მას შემდეგ გაჩნდა, რაც დონარუმამ ახალი ხელშეკრულება არ გააფორმა. დიდი ალბათობით, „ჯიჯი“ ამ ზაფხულს წავა, თუმცა არაა გამორიცხული, გუნდი მომდევნო ზაფხულს დატოვოს.
დონარუმას გადაყვანის ყველაზე კარგი შანსი პრემიერ ლიგის წარმომადგენლებს აქვთ. დაიწერა „ჩელსის“ ინტერესზე, მაგრამ ფაბრიციო იუწყება, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება „მანჩესტერ იუნაიტედს“, „წითელ ეშმაკებს“ იმედი აქვთ, რომ დონარუმას გაიფორმებენ.
The Athletic-ის მიხედვით, „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრებს გარიგების დახურვა ძალიან გაუჭირდებათ. „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი სამიზნე კარლოს ბალეა გახლავთ, რომელიც „ბრაიტონის“ საკუთრებას წარმოადგენს და „თოლიები“ მის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროზე მეტს ითხოვენ.