„ერთად ვთამაშობთ, ერთად ვანათებთ“ - სკოპიე 2025 გაიხსნა
ევროპის რიგით მეთვრამეტე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გაიმართება, ოფიციალურად გაიხსნა. 21-დან 26 ივლისის ჩათვლით 14-18-წლის სპორტსმენები თხუთმეტ სახეობაში გაითამაშებენ მედლების ასზე მეტ კომპლექტს. შეჯიბრებების უმეტესობა სკოპიეს არენებზე გაიმართება, რამდენიმე ასპარეზობა ქვეყნის მეორე უდიდეს ქალაქ კუმანოვოში (კალათბურთი, საგზატკეცილო და სამთო ველორბოლები), მხატვრულად ტანმოვარჯიშეები კი ხორვატიის ქალაქ ოსიეკში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.
სკოპიე 2025-ის გახსნის საზეიმო ცერემონია იანე სანდანსკის სახელობის სპორტული ცენტრის მთავარ დარბაზში გაიმართა. 49 ქვეყნის დელეგაციას და ლტოლვილთა გუნდს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი მიესალმა, ჩრდილოეთი მაკედონიის პრეზიდენტმა გორდანა სილიანოვსკა-დავკოვამ კი შეჯიბრება ოფიციალურად გახსნა. საქართველოს გუნდი, დელეგაციის ხელმძღვანელის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის მეთაურობით, თითქმის სრული შემადგენლობით დაესწრო გახსნის ცერემონიას. შოუს ოფიციალური სახელწოდება ასეთი იყო: ერთად ვთამაშობთ, ერთად ვანათებთ!
საქართველოს გუნდის მედროშეობის პატივი წილად ხვდათ ტყვიის სროლაში ქვეყნის ჩემპიონს, 16 წლის ლიზი აღნიაშვილს და ევროპის ჩემპიონ ძიუდოისტს, 17 წლის გიორგი მუმლაძეს. სკოპიე 2025 საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური გუნდისთვის მეჩვიდმეტე ფესტივალია და მათ ანგარიშზე საერთო ჯამში 104 მედალია.