მსოფლიო თამაშების საერთაშორისო წარმომადგენელი - კახაბრიშვილის მორიგი აღიარება
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ კახაბრიშვილი 2025 წლის მსოფლიო თამაშებზე საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენლის რანგში იმუშავებს. პროფესორ კახაბრიშვილს პრესტიჟულ ტურნირზე სპორტული მედიცინის, სპორტსმენების უსაფრთხოების და ორგანიზაციული პროცესების მონიტორინგის საკითხებზე დაეკისრება პასუხისმგებლობა.
მსოფლიო თამაშებს 7-დან 17 აგვისტოს ჩათვლით ჩინეთის ქალაქი ჩენგდუ უმასპინძლებს, სადაც 100-ზე მეტი ქვეყნის 5 ათასი სპორტსმენი იასპარეზებს. შეჯიბრებები 34 სპორტულ სახეობასა და 60-ზე მეტ დისციპლინაში ჩატარდება და საერთო ჯამში 250-ზე მეტი მედალი გათამაშდება. მსოფლიო თამაშები მრავალსახეობრივი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებაა, რომელიც არაოლიმპიურ სახეობებს აერთიანებს.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ კახაბრიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გუშინ დასრულებულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ძიუდოს ტურნირის მთავარ ექიმად მუშაობდა.