ღოღობერიძის ვერცხლი - ქართველი ტაეკვონდოისტის წარმატება
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებზე ადრე საქართველოს წარმომადგენლები მედლების მოპოვებას ძირითადად საჭიდაო სახეობებში ახერხებდნენ, თუმცა უკანასკნელ პერიოდში ჩვენი ქვეყნის დელეგაცია კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა და შესაბამისად, წარმატებები სპორტის სხვა სახეობებშიც მომრავლდა. ამის ნათელი მაგალითია ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე შეჯიბრება, სადაც ვიცე-ჩემპიონი ქართველი ტაეკვოინდოისტი გახდა.
ნიკა ღოღობერიძემ, რომელიც 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, გადამწყვეტ შეხვედრამდე ბოსნიელ, უნგრელ და ესპანელ მოწინააღმდეგეებს აჯობა, ფინალში კი თურქ ტაეკვონდოისტთან წააგო. ღოღობერიძეს თითოეულ შეხვედრაში უშეღავათო ბრძოლა გაუმართეს მეტოქეებმა და ვერცხლის მედლის მოსაპოვებლად საკმაოდ დიდი ძალისხმევის გაღება დასჭირდა.
ცნობისათვის, ღოღობერიძის ასპარეზობამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩვენი ქვეყნის სახელით ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე კიდევ სამი ტაეკვონდოისტი, ვიოლა ცეცხლაძე, ხატია გაროზაშვილი და მათე კვანტიძე გამოვიდა, მაგრამ სამწუხაროდ სამივე მათგანი მედლის გარეშე დარჩა.