BILD-ის ექსკლუზივი: რეალმა ზაფხულში ვინისიუსის გაყიდვა გადაწყვიტა
გერმანული გამოცემა BILD-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, 2026 წლის ზაფხულში გუნდის ბრაზილიელი გარემარბი, ვინისიუს ჟუნიორი გაყიდოს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება „სამეფო კლუბში“ ჯერ კიდევ „ლივერპულთან“ მატჩამდე, „ელ კლასიკოში“ მომხდარი ინციდენტის გამო მიიღეს.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ჩაბი ალონსომ „ბარსელონასთან“ მატჩის მიმდინარეობისას ვინისიუსი შეცვალა, ბრაზილიელმა უკმაყოფილება გამოხატა. რამდენიმე დღეში ვინისიუსმა საჯაროდ მოუბოდიშა როგორც თანაგუნდელებსა და მთავარ მწვრთნელს, ისე „ბლანკოსის“ გულშემატკივრებს. თავის მხრივ, ბასკმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ინციდენტი ამოწურულია და ის ვინისიუსის თამაშით კმაყოფილია.
BILD-ის ინფორმაციით, „რეალის“ ხელმძღვანელობა აღაშფოთა გამოცემა The Athletic-ში გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ, რომლის ანონიმური წყაროც ამტკიცებდა, რომ „სამეფო კლუბის“ რამდენიმე ფეხბურთელს ალონსოს მეთოდები არ მოსწონს - „მას თავი პეპ გუარდიოლა ჰგონია, მაგრამ ჯერჯერობით ის უბრალოდ ჩაბია“. „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ The Athletic-ის წყარო ვინისიუსის ახლო გარემოცვის რომელიმე წარმომადგენელია.
„ფლორენტინო პერესს სუპერვარსკვლავებთან ურთიერთობების ჩამოყალიბება ძალიან კარგად გამოსდის. თუმცა ვინისიუსმა ალონსოსთან დაკავშირებით ყველა ზღვარს გადააჭარბა და ბოლო წლებში მოედნის მიღმა რამდენიმე ინციდენტის მონაწილე იყო. ახლა პერესს სურს იმის დემონსტრირება, რომ ვერც ერთი ფეხბურთელი კლუბზე მნიშვნელოვანი ვერ იქნება“, - წერს BILD-ი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ვინისიუსს „ბლანკოსთან“ კონტრაქტი 2027 წელს ეწურება. ამჟამად ბრაზილიელის საბაზრო ღირებულება 150 მილიონი ევროა, მაგრამ თუ ზაფხულში „რეალი“ მის გასხვისებას მოინდომებს, სანაცვლოდ გაცილებით მოკრძალებული თანხის მიღება მოუწევს.