ოქრო და ბრინჯაო - ტანმოვარჯიშეების წარმატება
ჩეხეთის ქალაქ ბრნოში გამართული მხატვრული ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირი ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებული გამოდგა. Junior Cup-ის სახელწოდებით ცნობილ შეჯიბრებაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ორმა წევრმა იასპარეზა და მედლის გარეშე არც ერთი მათგანი არ დარჩენილა.
ნიტა ჯამაგიძემ მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე ბურთით ვარჯიშში დაკავებული მესამე საპრიზო ადგილის შემდეგ, ამჯერად რეზულტატი გააუმჯობესა და ჩემპიონობა არავის დაუთმო. რაც შეეხება ელენე ბაქრაძეს, მან რგოლით ვარჯიშში ბრინჯაოს პრიზიორობა გაინაღდა. 23 სექტემბერს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საასპარეზოდ უკვე ბატუტზე მხტომელები გაემგზავრებიან, რომლებიც ამჟამად ტურნირისთვის მზადების ბოლო ეტაპს გადიან.
ცნობისათვის, ნოემბრის ბოლოს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციისთვის და სპორტის ამ სახეობის ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო მოვლენაა ჩანიშნული - უნდა გაიმართოს ევროპის ტანვარჯიშის ფედერაციაში შემავალი მხატვრული ტანვარჯიშის ტექნიკური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები, სადაც ერთ-ერთ კანდიდატად ელისო ბედოშვილია წარდგენილი.