პედრი, ფერან ტორესი, მიკელ მერინო, თურქეთის ფეხბურთელთა ნაკრები, ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ესპანეთის დომინაცია თურქეთში - ფურია როხამ 6:0 მოიგო

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები იმყოფება, მეორე ტურის მეორე შეხვედრა გაიმართა.

ჩვენი კონკურენტები, თურქეთისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს Konya Buyuksehir Belediye Stadium-ზე დაუპირისპირდნენ, სადაც „ფურია როხამ“ მეტოქე შეიძლება ითქვას, რომ მიწასთან გაასწორა და 6:0 გაანადგურა.

მატჩის ეს სცენარი ალბათ ჩვენ უფრო გვაწყობდა, რადგან პირველ ტურში მარცხის შემდეგ, მეორე ადგილზე გასვლის შანსებს კიდევ უფრო შეგვინარჩუნებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ესპანეთმა პირველი ადგილისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა, მეორე პოზიციისთვის კი დიდი ალბათობით, სწორედ საქართველოსა და თურქეთის ნაკრბები იბრძოლებენ.

რაც შეეხება შეხვედრას, ესპანელები მთელი მატჩის განმავლობაში კოლოსალურ უპირატესობას ფლობდნენ და ლოგიკურადაც გაიმარჯვეს.

ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა ანგარიში პირველ ნახევარში, მე-6 წუთზე პედრის გოლით გახსნა. 22-ე წუთზე მიკელ მერინომ სხვაობა ორამდე გაზარდა, ტაიმის მიწურულს კი დუბლი შეასრულა და პირველი ნახევარი ესპანეთმა 3:0 მოიგო.

მეორე ტაიმში, 53-ე წუთზე ფერან ტორესმა მასპინძელთა კარში მე-4 გოლი გაიტანა. ზუსტად 4 წუთში მიკელ მერინომ თურქეთის კარში ჰეთ-თრიკი შეასრულა და ანგარიში 5:0 გახადა. თურქების განადგურებას კი წერტილი 62-ე წუთზე, პედრიმ დაუსვა.

2 ტურის შემდეგ, E ჯგუფს 6 ქულით ესპანეთი ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 3 ქულით საქართველოს ნაკრებია, რომელიც თურქეთს, რომელსაც ასევე 3 ქულა აქვს, ბურთების უკეთესი შეფარდების გამო უსწრებს, ბოლო, მე-4 ადგილზე კი 0 ქულით ბულგარეთის ნაკრებია.

მომდევნო ტურში, 11 ოქტომბერს ესპანეთი საკუთარ მოედანზე საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს, თურქეთი კი სტუმრად ბულგარეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დამაჯერებელი გამარჯვება ბულგარეთთან - საკვალიფიკაციოზე პირველი ქულები ავიღეთ
დამაჯერებელი გამარჯვება ბულგარეთთან - საკვალიფიკაციოზე პირველი ქულები ავიღეთ