მალმიოს ფეხბურთელების საერთო ფასი 41,4 მლნ. ევროა | ყველაზე ცნობილი სიგურდსონია
შვედური Expressen-ის ინფორმაციით, შვედეთის ჩემპიონ „მალმიოს’’ ტრავმირებული პონტუს იანსონი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერიასთან’’ თბილისურ შეხვედრაში დაუბრუნდება. 1,96 მ. სიმაღლის 34 წლის ცენტრალურ მცველს, რომელსაც იტალიის სერია A-ში, ინგლისის ჩემიონშიფსა და პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, ბარძაყის კუნთის ტრავმა აწუხებდა. იანსონი „მალმიოს’’ ბოლო ოთხ შეხვედრაში ვერ დაეხმარა, თუმცა კლუბის წარმომადგენლის თქმით, თბილისური მატჩისთვის მზად იქნება. პონტუსი „მალმიოსთან'' ერთად თბილისში უკვე ჩამოფრინდა.
Transfermarkt-ის მონაცემებით, „მალმიოს'' ფეხბურთელების სატრანსფერო თანხა 41,4 მილიონი ევროა, „იბერიასი'' მკვეთრად ნაკლები - 5,6 მილიონი ევრო. „მალმიოში'' ყველაზე ძვირადღირებული ჰუგო ბოლინია, 21 წლის ტალანტი 6 მილიონი ღირს, „იბერიაში'' ყველაზე ძვირადღირებული გიზი მამაგეიშვილია, მას აღნიშნული ვებგვერდი 600 000 ევროდ აფასებს.
„მალმიოს’’ კიდევ ერთი ტრავმირებული, 37 წლის მარცხენა მცველი მარტინ ოლსონი უბრუნდება, რომელიც ასევე ძალიან გამოცდილია, ინგლისის პრემიერ ლიგაში 168 მატჩში 4 გოლი გაიტანა. შვედეთის ნაკრებში 13 წელი თამაშობდა. „ბლექბერნში'' ზურაბ ხიზანიშვილის თანაგუნდელი იყო და 2021 წელს, როცა საქართველოს ნაკრებმა ბათუმში შვედეთს 2:0 მოუგო, სათადარიგოთა სკამზე იჯდა. იმ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტის მოვალეობას ხიზანიშვილი ასრულებდა.
პონტუს იანსონის მსგავსად „იბერიასთან’’ მატჩისთვის ოლსონიც მზად იქნება. დიდი ალბათობით, თბილისში არნორ სიგურდსონიც ითამაშებს, ცნობილი ისლანდიელი შემტევი, რომელიც გასული კვირის დღეებში ავად იყო. 26 წლის შემტევი „მალმიოს'' ყველაზე ცნობილი ფეხბურთელია.
თბილისშია ცნობილი ისლანდიელი ფეხბურთელის, ეიდურ გუდიონსენის შვილი დანიელი, რომელიც 19 წლისაა და შვედეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 10 მატჩში 1 გოლი შეაგდო. ამპლუით ცენტრფორვარდია და მისი სიმაღლე 1,9 მეტრია.
ასევე გეტყვით, რომ „მალმიოში'' ოლა ტოივონენი მუშაობს, წარსულში ცნობილი შვედი ფეხბურთელი კლუბის სპორტული დირექტორის ასისტენტია.
გუნდებს შორის პირველი შეხვედრა თბილისში, „მიხეილ მესხზე’’ 8 ივლისს გაიმართება, თამაში 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა Abaula.ge-ზეა შესაძლებელი. ასევე, მატჩის დღეს 13:00 საათიდან სალაროები იმუშავებს. საპასუხო მატჩს მალმიოში, „ელედაზე'' 15 ივლისს ითამაშებენ.
ფოტოზე „მალმიოს'' ფორმაში არნორ სიგურდსონია