ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკო საუკეთესო ვარიანტად მიაჩნიათ | ბეშიქთაში მოლაპარაკების განახლებას გეგმავს

„ბეშიქთაში’’ ტამი აბრაჰამისა და დავიდ იურაშეკის დამატების შემდეგ ზურიკო დავითაშვილის შეძენას გეგმავს. თურქული Takvim-ის ცნობით, მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ისეთი მოთამაშე სურთ, რომელიც პრობლემურ პოზიციას სრულად მოაგვარებს. გასულ სეზონში ამ პოზიციაზე გუნდს ძალიან გაუჭირდა და დავითაშვილი საუკეთესო ვარიანტად ესახებათ.

„ბეშიქთაშმა’’ დავითაშვილის ტრანსფერზე მოლაპარაკება უკვე გამართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. მიმდინარე კვირაში თურქული კლუბი მოლაპარაკების განახლებას გეგმავს.

ცოტა ხნის წინ Türkiye Gazetesi წერდა, რომ „ბეშიქთაშმა“ დავითაშვილის ტრანსფერზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც „სენტ-ეტიენის“ პოზიცია შეიტყო. „მწვანეებს“ ზურიკოს სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღება სურდათ და ეს თანხა „შავ-თეთრებისთვის“ ძალიან დიდი იყო, თუმცა ახლა Takvim-ი განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს, „სენტ-ეტიენი’’ მზადაა დავითაშვილი 12 მილიონ ევროდ გაყიდოს. „ბეშიქთაში’’ ეცდება სატრანსფერო თანხა 6-7 მილიონამდე შეამციროს. შესაძლოა, მხარეები კონსესუსამდე მივიდნენ და გარიგება შედგეს, თუმცა სხვა საკითხია ზურიკოს რამდენად სურს თურქეთში თამაში.

„ბეშიქთაში'' ტამი აბრაჰამსა („რომა'') და დავიდ იუარეშეკს („ბენფიკა'') იჯარით იმატებს. ასევე, ახლოსაა „ნაპოლის'' შვედი ნახევარმცველის, იენს კაიუსტეს გაფორმებასთან.

გასულ სეზონში „სენტ-ეტიენი’’ ლიგა 2-ში გავარდა, თუმცა ზურიკოსთვის პირადი პროდუქტიულობიდან გამომდინარე კარგი სეზონი იყო, 31 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა. მან გოლები საუკეთესო ხუთეულის გუნდებიდან სამს გაუტანა: პსჟ-ს, „მონაკოსა“ და „ლილის“. ასევე, „ოსერთან“ ჰეთ-თრიკი შეასრულა, „ანჟესთან“ - დუბლი. დიდი ალბათობით, ქართველი შემტევი „სენტ-ეტიენს’’ დატოვებს და ახალ სეზონში სხვა კლუბში ვიხილავთ. დავითაშვილი რამდენიმე კლუბს დაუკავშირეს. ინტერესს „რენი’’ იჩენს, რომლის სპორტული დირექტორის, ლოიკ დეზირეს სატრანსფერო გეგმებში ზურიკოს გადაბირება შედის. ასევე, ქართველი ფეხბურთელი „სტრასბურგს'' დაუკავშირეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები