“პასუხები აღარ მაქვს“ - ციციპასმა კარიერის დასრულებაზე მიანიშნა
მიმდინარე უიმლბდონზე სტეფანოს ციციპასი პირველივე წრეში ფრანგ ვალენტენ როიესთან დამარცხდა. ბერძენმა პირველი ორი სეტი დათმო, რის შემდეგაც თამაშზე უარი განაცხადა.
დღეს, სტეფანოსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და ისეთი განცხადება გააკეთა, რომ ბევრმა მისი კარიერის დასრულებაზე მინიშნება ივარაუდა.
რა თქვა ციციპასმა?
„რასაც ვერ ვიტან ეს სპორტიდან წასვლა ან მატჩის შეწყვეტაა. ბოლო ორი წელია ვგრძნობ, რომ კორტზე სუსტი ვარ. ვგრძნობ, რომ პასუხები დამიმთავრდა. ყველაფერი ვცადე.. დაუჯერებელი სამუშაო ჩავატარე, რომ ფიზიკური ფორმა აღმედგინა. აბსოლუტურად ყველაფერი ვცადე, რაც შემეძლო. სამწუხაროდ ახლა პასუხები აღარ მაქვს და არ ვიცი რა გავაკეთო..“
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ბერძენი ჩოგბურთელი ATP რეიტინგში 1880 ქულით 27-ე ადგილზე იმყოფება.
სხვადასხვა დროს ციციპასმა დიდი სლემის ტურნირების 2 ფინალში გააღწია. 26 წლის ბერძენმა 2021 წელს საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში ითამაშა და პირველი ორი მოგებული სეტის შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა. 2023 წელს კი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი კვლავ ნოლესთან დათმო.