„ის ყველაზე ჭკვიანი ჩოგბურთელია“ - ალკარასმა საკუთარი კერპი დაასახელა
არსებული სათამაშო კონდიციებიდან გამომდინარე, კარლოს ალკარასი ლონდონში მიმდინარე უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება. გუშინ, ესპანელმა მესამე წრეში გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი ოთხ სეტში, 6:1, 3:6, 6:3, 6:4 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ანდრეი რუბლოვი იქნება. შტრუფთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ალკარასმა მატჩის გაანალიზების გარდა, ერთ საინტერესო შეკითხვასაც უპასუხა, რომელიც შეეხებოდა იმას, თუ ვის თვლის ყველაზე ჭკვიან ჩოგბურთელად.
კარლოს ალკარასი
ვფიქრობ ასეთი ნოვაკ ჯოკოვიჩია. ის არის ჩოგბურთელი, რომელიც სპორტის ამ სახეობაში ყველაზე კარგად ერკვევა. ამ ყველაფერს იქიდან გამომდინარე ვამბობ, რაც მას კორტებზე გადაუტანია და რამდენი შეხვედრაც ჩაუტარებია.
ნოვაკთან ბევრჯერ მისაუბრია, მიყურებია მისი მატჩები, მივარჯიშია მასთან ერთად, თუმცა ჩოგბურთზე არასოდეს გვისაუბრია. მასთან ლაპარაკი ყოველთვის ცხოვრებასა და ზოგად თემებზე მერჩივნა და არა ჩოგბურთზე.
სულ ვცდილობ ჯოკოვიჩისგან ვისწავლო - როგორ ვარჯიშობს, როგორ იქცევა კორტზე და როგორ მოძრაობს თამაშის დროს. შეკითხვის დასმაც არასოდეს მერიდება, რადგან სერბი საკმაოდ გახსნილი ადამიანია.
ცნობისათვის, ალკარასის მსგავსად უიმბლდონზე ასპარეზობას ნოვაკ ჯოკოვიჩიც განაგრძობს და მესამე წრეში დღეს თავის თანამემამულეს მიომირ კეჩმანოვიჩს შეხვდება.