კვერნაძის მსურველების სია | ფროზინონე მის გასაყიდად მზადაა
„ფროზინონეს“ ქართველ ფეხბურთელს, გიორგი კვერნაძეს, რამდენიმე მსურველი ჰყავს. ახალგაზრდა გარემარბი ევროპული კლუბების რადარზეა, და Ciociaria Oggi-მ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ დაწერა.
იტალიური გამოცემის ცნობით, „ფროზინონე“ კვერნაძის გასაყიდად მზად არის და სათანადო წინადადების მიღების შემთხვევაში თანხმობას განაცხადებს. გიორგის გასაფორმებლად ყველაზე აქტიურად „კალიარი“ მუშაობს. „როსობლუმ“ ნიადაგი უკვე მოსინჯა, თუმცა ოფიციალურ შეთავაზებამდე საქმე არ მისულა.
„კალიარი“ რბოლას არ გამოთიშულა და კვერნაძის მიმართ ინტერესი კვლავინდებურად აქვს. მის გარდა, „ვერონას“ ვარიანტიც გაჟღერდა, და Ciociaria Oggi აცხადებს, რომ შესაძლებელია, კვერნაძის გადაბირება არაიტალიურმა კლუბებმაც სცადონ. ამ მომენტისთვის „ფროზინონეს“ სერიოზული მოლაპარაკებები არავისთან აქვს, თუმცა, Ciociaria Oggi ირწმუნება, რომ უახლოეს დღეებში ვითარება შეიცვლება.
2024/25 წლების სეზონში კვერნაძემ მონაწილეობა 34 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 1.5 მილიონი ევროა და გიორგის „ფროზინონესთან“ ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.