კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპეს ორი ჯილდო - ფრანგმა ოქროს ბუცი მიიღო

კილიან მბაპესთვის ისევ როგორც მთლიანად მიმდინარე სეზონი, დღევანდელი დღეც განსაკუთრებული იყო. თავდაპირველად 26 წლის ფრანგი ფორვარდი წინა, მადრიდის „რეალში“ მისთვის სადებიუტო სეზონში გამოჩენილი საგოლე თვისებებისთვის დაჯილდოვდა და „ოქროს ბუცი“ ოფიციალურად ჩაიბარა. კილიანმა ლა ლიგის გათამაშება 31 გოლით დაასრულა და მართალია მაშინ ჯერ კიდევ „სპორტინგში“ მოთამაშე ვიქტორმ გიოკერეშმა მასზე 8 ბურთით მეტი გაიტანა, მაგრამ იმის გამო, რომ პრიმერადივიზიონი პორტუგალიის პრიმეირა ლიგაზე მაღალი კოეფიციენტით ფასდება, პირველ ადგილზე მბაპე გავიდა. მესამე-მეხუთე ადგილები კი მოჰამედ სალაჰმა (29 გოლი), რობერტ ლევანდოვსკიმ (27 გოლი) და ჰარი კეინმა (26) გაინაწილეს.

„რეალის“ ფრანგი ლიდერი ამით არ დაკმაყოფილდა და ესპანეთის ლა ლიგის თვის MVP-ის პრიზი ზედიზედ მეორედ მიიღო - მან გამოკითხვაში ანტონის (ბეტისი), ხორხე დე ფრუტოსს (რაიო ვალეკანო), იან ობლაკსა (ატლეტიკო) და პედრის (ბარსელონა) აჯობა. ოქტომბერში მბაპემ სამი მატჩი ჩაატარა და მოედანი უგოლოდ ერთხელაც არ დაუტოვებია.

ათ ტურში დაგროვებული 27 ქულით „რეალი“ პრიმერადივიზიონის სატურნირო ცხრილი ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ „ბარსელონას“ 5 ქულით უსწრებს. რაც შეეხება მბაპეს, ის ბომბარდირთა დავაში 11 გოლით პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ეტა ეიონგს (ლევანტე) და ხულიან ალვარესს (ატლეტიკო) ხუთი ბურთით სჯობნის.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გულწრფელად ისაუბრა, კონფლიქტი ამოწურულია“ - ალონსო ვინიზე
„გულწრფელად ისაუბრა, კონფლიქტი ამოწურულია“ - ალონსო ვინიზე