შესანიშნავად იმოქმედა | დავითაშვილის გოლი ამხანაგურ მატჩში
ქართველმა ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა „სენტ-ეტიენთან’’ ერთად ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ეირიკ ჰორნელანდის გაწვრთნილმა ფეხბურთელებმა შვეიცარიის მეორე ლიგის „ეტუალს’’ ამხანაგურ მატჩში 3:1 მოუგეს. ზურიკომ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა, 59-ე წუთზე გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მეტოქის ორ ფეხბურთელს აჯობა და მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.
გასულ სეზონში „სენტ-ეტიენი’’ ლიგა 2-ში გავარდა, თუმცა ზურიკოსთვის პირადი პროდუქტიულობიდან გამომდინარე კარგი სეზონი იყო, 31 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა. მან გოლები საუკეთესო ხუთეულის გუნდებიდან სამს გაუტანა: პსჟ-ს, „მონაკოსა“ და „ლილის“. ასევე, „ოსერთან“ ჰეთ-თრიკი შეასრულა, „ანჟესთან“ - დუბლი. დიდი ალბათობით, ქართველი შემტევი „სენტ-ეტიენს’’ დატოვებს და ახალ სეზონში სხვა კლუბში ვიხილავთ.
დავითაშვილი რამდენიმე კლუბს დაუკავშირეს. „ბეშიქთაშმა’’ მასზე უარი თქვა, რადგან „სენტ-ეტიენი’’ ქართველის ტრანსფერში 20 მილიონ ევროს ითხოვს, რაც თურქული კლუბისთვის ძალიან დიდია. დავითაშვილის მიმართ ინტერესს „რენი’’ იჩენს, რომლის სპორტული დირექტორის, ლოიკ დეზირეს სატრანსფერო გეგმებში ზურიკოს გადაბირება შედის.