ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ბაიერნს პრობლემები შეუქმნა“ - რას წერს ფრანგული პრესა კვარას თამაშზე

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ნახევარფინალშია - პარიზელებმა მეოთხედფინალში მიუნხენის „ბაიერნი“ დაამარცხეს (2:0). მატჩის შემდეგ ფრანგული პრესა ქართველი ფეხბურთელის თამაშს ასე გამოეხმაურა:

90min: მატჩი ჩვეულ დონეზე ჩაატარა. პირველივე წუთებიდან კარგ ფორმაში იყო და მოტივირებული ჩანდა. ახლოს იყო ასისტთან ორ შემთხვევაში (დუე და ბარკოლა), 31-ე წუთზე კი ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ გოლის გატანაც შეეძლო. ეხმარებოდა გუნდს დაცვაში, არაერთხელ დაბრუნდა საკუთარ ნახევარზე ბურთის დაკარგვის შემდეგ, კონტრპრესინგში კი როგორც ყოველთვის 100%-ით იხარჯებოდა.

Maxifoot: ქართველ გარემარბს საუკეთესო მატჩი არ ჰქონია, მაგრამ შექმნა რამდენიმე სახიფათო მომენტი, როდესაც ფლანგზე სისწრაფის ხარჯზე ლაიმერს უვლიდა გვერდს.

Parisfans: როგორც ყოველთვის აქტიური იყო, პირველ ტაიმში „ბაიერნს“ პრობლემები შეუქმნა. დასკვნით ფაზაში ეფექტურობა აკლდა. ყოველთვის მზად იყო კონტრშეტევებისთვის, იბრძოდა ბურთისთვის და მოედანი 84-ე წუთზე დატოვა.

Footmercato: ქართველმა მარცხენა ფლანგზე კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. მე-3 წუთზე ოლისეს წაართვა ბურთი, მე-19 წუთზე მახვილი კუთხიდან ურტყამდა ნოიერის კარში. 33-ე წუთზე უპამეკანოს აჯობა, მაგრამ ნოიერმა მისი დარტყმა მოიგერია. 49-ე წუთზე მისი პასის შემდეგ ბარკოლას უნდა გაეტანა, თუმცა ნოიერს ვერ აჯობა. კვარაცხელია საფრთხეს ქმნიდა საკუთარ ფლანგზე და დიდი სამუშაო გასწია.

L'Equipe: ქარიზელთა საუკეთესო შემტევი. დრიბლინგისა და სისწრაფის ხარჯზე ხშირად სცდებოდა უპამეკანოს და ბოეის. გამუდმებით აპრესინგებდა მეტოქეებს და ეხმარებოდა გუნდს დაცვაში. თავისი აქტიურობით გოლიც დაიმსახურა, როდესაც ნოიერმა ძალიან კარგად ითამაშა.

Le Parisien: კიდევ ერთხელ აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და მარცხენა ფლანგზე გამუდმებით ქმნიდა საფრთხეს. მან დაუბრუნა პარიზელებს ბურთი, რის შემდეგაც დუემ პსჟ-ის პირველი რეალური შანსი შექმნა. გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ 33-ე წუთზე ნოიერმა დიდებული მოგერიება შემოგვთავაზა. კვარამ ითამაშა პრესინგში, როდესაც 74-ე წუთზე დემბელეს შეექმნა საგოლე მომენტი.

ხვიჩა კვარაცხელიას გამორჩეული მომენტები

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში პსჟ-ის მეტოქე „რეალსა“ და „დორტმუნდს“ შორის გამარჯვებული იქნება.

მსგავსი სიახლეები