სიტყვიერი შეთანხმება შედგა | ფაცაცია კარიერას უცხოეთში გააგრძელებს
ქუთაისის „ტორპედოს’’ ყოფილი ფეხბურთელი ცოტნე ფაცაცია კარიერას ალბანურ „ტირანაში’’ გააგრძელებს. CrystalSport-ის ცნობით, ფეხბურთელი 7 ივლისს გამთენიისას მენეჯერ ბესიკ თედორაძესთან ერთად ტირანაში გაემგზავრება და ახალ კლუბთან კონტრაქტს 1+1 სისტემით გააფორმებს.
ფაცაცია კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო, გასულ თვეში ქუთაისის „ტორპედოსთან’’ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და ალბანურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
ალბანეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში „ტირანა'' მე-8 ადგილზე გავიდა, გუნდში ბევრი ლეგიონერია, მათგან ყველაზე წარმატებული კარიერა მაჰამადუ დემბელეს ჰქონდა, რომელსაც საფრანგეთის ასაკობრივი ნაკრებების გარდა პსჟ-ს პირველ გუნდში უთამაშია.
25 წლის ქართველი შემტევისთვის „ტირანა’’ პირველი უცხოური კლუბია. მას მარტვილის „მერანში’’, „გაგრაში’’, ქობულეთის „შუქურაში’’, ბათუმის „დინამოსა’’ და ქუთაისის „ტორპედოში’’ უთამაშია. 2025 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონში 18 მატჩში (8 სასტარტოში) 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. ასევე გეტყვით, რომ ფაცაცია მიწვეული იყო საქართველოს 18, 19, 20 და 21 წლამდე ნაკრებებში.