ლუის ენრიკე
Aa
Aa

„დემბელეზე ვერაფერს გეტყვით“ - ენრიკემ ბაიერნს ინფორმაცია დაუმალა

„პარი სენ-ჟერმენი“ დღეს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში „ბაიერნს“ დაუპირისპირდება. უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, ჩემპიონთა ლიგის მფლობელი კლუბის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ჟურნალისტებს შეხვდა და ტრადიციულად, ყველა საკითხზე ამომწურავად ისაუბრა. ესპანელ სპეციალისტს შეახსენეს, რომ მიუნხენელებთან მისი გუნდის ბოლო დაპირისპირება ნოემბერში შედგა და მეტოქის გამარჯვებით დასრულდა, რაზეც ენრიკეს ასეთი პასუხი ჰქონდა:

„მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა - პსჟ უკეთესი გუნდი გახდა და მეც ჩემს ფეხბურთელებთან ერთად გავიზარდე. სტატისტიკა ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ ასეთ დონეზე ბევრს არაფერს ნიშნავს. მთავარია, იმ კონკრეტულ დღეს თამაშს როგორ მიუდგები და როგორ დაიხარჯები, სხვა დანარჩენი კი მეორე პლანზე გადადის.

ბოლო თვეებია 3-ფორვარდიან ტაქტიკას ვიყენებ და ჩვენი მთავარი იარაღი მოწინააღმდეგის მისსავე ნახევარზე დაპრესინგებაა, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ ყოველთვის ასე ვითამაშებთ, ძალიან ცდება. ფეხბურთი ყოველდღიურად ვითარდება და ამ ყველაფერს ფეხი თუ არ აუწყვე, მწვერვალზე ვერ დარჩები.

გამოჯანმრთელდა თუ არა ბოლომდე უსმან დემბელე? ამის შესახებ სრულ სიმართლეს თამაშის დროს გაიგებთ. ახლა რომ ვთქვა უსმანი სრულ მზადყოფნაშია-თქო, მეტოქეს კარტებს ბოლომდე გავუხსნი, რის გაკეთებასაც არ ვაპირებ“.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ - „ბაიერნის“ დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ვინ მოიგებს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს | Opta-ს ახალი პროგნოზი
ვინ მოიგებს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს | Opta-ს ახალი პროგნოზი