თურქული მედია: გალა მიქაუტაძის ტრანსფერში 20 მილიონს იხდის
თურქული Milliyet-ის ინფორმაციით, „გალათასარაი'' გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე „ლიონს'' ოფიციალურად მიმართავს. თურქული კლუბი მზადაა ქართველის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადოს.
მიმდინარე კვირაში Footmercato-ს ჟურნალისტმა დაჰბია ჰატაბიმ დაწერა, რომ „გალათასარაისა’’ და „ფენერბახჩეს’’ გიორგი მიქაუტაძის გადაბირება სურთ. ბოლო დღეებში აღნიშნულ კლუბებში ქართველის თაობაზე განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა და ამ ეტაპზე „ფენერზე'' მეტად „გალა'' აქტიურობს.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, „რომა“ მზად იყო, მიქაუტაძის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა უარი მიიღო. „ლიონს“ მინიმუმ 20 მილიონი ევროს მიღება სურს და შესაბამისი წინადადებების მოლოდინშია.
გარდა ამისა, 10 ივლისს ფრანგული კლუბის აპელაცია განიხილება და მანამდე „ლიონმა“ ანგარიშები 100 მილიონი ევროთი უნდა შეავსოს. აქედან გამომდინარე, „ლიონისთვის'' „გალათასარაის'' წინადადება საკმაოდ მიმზიდველი იქნება, თუმცა ფეხბურთლის სურვილი თურქეთში თამაში არაა, მას კარიერის გაგრძელება ტოპ 5 ლიგაში სურს.
ცნობისთვის, მიქაუტაძემ, რომლის ღირებულება Transfermarkt-ის მონაცემით 22 მილიონი ევროა, გასულ სეზონში „ლიონში“ 47 მატჩში 17 გოლი გაიტანა. საგოლე პასებისა და გამომუშავებული პენალტების ჯამი კი 11-ს შეადგენს. მას „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.