„თუ წონას ჩააბარებს, მაშინ ის ამას დაიმსახურებს„ - მახაჩევმა ცარუკიანზე ისაუბრა
2025 წლის დასაწყისში UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ისლამ მახაჩევისა და არმან ცარუკიანის ორთაბრძოლა უნდა გამართულიყო, თუმცა მოხდა იშვიათი შემთხვევა და მთავარი ბრძოლის ერთ-ერთმა მონაწილემ, სომეხმა სპორტსმენმა წონა ვერ ჩააბარა და შეხვედრიდან ჩაეხსნა. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ არმანს ტრავმა ჰქონდა, თუმცა ახლა უკვე ყველა ხვდება, რომ ეს ყველაფერი რეალობის შესანიღბად გამოგონილი მიზეზი იყო.
ყოფილი მოწინააღმდეგის შესახებ მახაჩევმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ცარუკიანი ახლა, როდესაც თოფურია-ოლივეირას ბრძოლას აზღვევს, წონას ჩააბარებს და ამ დაბრკოლებას ერთხელ და სამუდამოდ გადალახავს, მაშინ სამართლიანი იქნება, თუ მას მომდევნო ბრძოლას ტიტულისთვის ჩაუნიშნავენ, რადგან ისლამი თვლის, რომ სომეხი ამ ყველაფერს იმსახურებს.
ცნობისათვის, ბოლო დღეების განმავლობაში არმან ცარუკიანსა და ილია თოფურიას შორის სოციალურ ქსელში ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა, რაც იმის მანიშნებელია, რომ თუ ილია ქამარს მოიპოვებს, მაშინ მისი მომდევნო ოპონენტი შესაძლოა სომეხი მებრძოლი გახდეს.