„მხოლოდ მასთან ვიჩხუბებ“ - ადესანია შემოდგომაზე ბრუნდება
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ისრაელ ადესანია ნასურდინ იმავოვთან ნოკაუტით მარცხის შემდეგ გარკვეული ხნის განმავლობაში ოქტაგონში დაბრუნებისგან თავს იკავებდა და კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა, თუმცა როგორც თავად განაცხადა, ალექსანდრ ვოლკანოვსკის მიერ საჩემპიონო ქამრის კიდევ ერთხელ მოგებამ მას კარგი მაგალითი მისცა და საკუთარი ძალების რწმენა დაუბრუნა. როდის ჩაატარებს მომდევნო შეხვედრას ამის თაობაზე ნიგერიელმა შემდეგი პასუხი გასცა:
„ძალიან მალე დავბრუნდები - სექტემბერში, ან ოქტომბერში. თუმცა, UFC-ის ხელმძღვანელებს აქედანვე ვეტყვი, რომ შონ სტრიკლენდი ერთადერთია, რომელთან ჩხუბიც მსურს, თუმცა რატომღაც ინგლისელი ჩემს გამოწვევებს ყოველთვის უპასუხოდ ტოვებს.
საერთოდ შერეულ ორთაბრძოლებში ბევრი ისეთი რაღაც ხდება, რაც წინასწარ დაგეგმილია. მაგალითად ვფიქრობ, რომ ჯონ ჯონსი სკანდალის თავიდან ასაცილებლად წავიდა და ის აუცილებლად დაბრუნდება. ალბათ, ახლა 20-30 მილიონზე მეტი არ შესთავაზეს. სანამ ის დაისვენებს, ტომ ასპინალი მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტულს სამჯერ დაიცავს და შემდეგ ისევ „ბოუნსთან“ მოუწევს დაპირისპირება“.
ცნობისათვის, შერეულ ორთაბრძოლებში ჩატარებული 29 ბრძოლიდან ისრაელ ადესანიამ 24 მოიგო და 5 წააგო. ოცდაოთხიდან თექვსმეტ შემთხვევაში მეტოქე ნოკაუტში გაგზავნა, ხოლო რვაჯერ მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. რაც შეეხება სტრიკლენდთან მის შეხვედრას, ბოლოს ოქტაგონზე 2023 წელს დაუპირისპირდნენ და ადესანია არბიტრების გადაწყვეტილებით დამარცხდა.