ილია თოფურია
Aa
Aa

თეთრებში გამოწყობილი ილია და სხვანაირი ჰოკიტი | UFC Freedom 250-ის პრესკონფერენცია

აშშ-ში, აბრაამ ლინკოლნის მემორიალის წინ, UFC Freedom 250-ის პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენცია უამინდობის გამო 45-წუთიანი დაგვიანებით დაიწყო და ღონისძიების მონაწილე მებრძოლებმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

ილია თოფურია: „ვიცი, რომ მსოფლიოში საუკეთესო ვარ. გეიჯის ექნება შანსი და ოქტაგონი, რათა დაამტკიცოს, რომ ვცდები. მე ვთვლი, რომ ნომერ პირველი ვარ. თუ ჯასტინი არ მეთანხმება, აქვს შანსი, ეს დაამტკიცოს — ოღონდ, თუ ამას შეძლებს. ჩემი აზრი ასეთია: მას პირველ რაუნდში დავაძინებ. არც კი გაბედოთ და თქვათ, რომ UFC-ის Pound-for-pound რეიტინგში მეორე ვარ. პირველი ნომერი ვარ და ჩემი მეტოქის პირველ რაუნდში დანოკაუტებით ამას დავამტკიცებ.

ალექს პერეირა უკვე GOAT-ია (ყველა დროის საუკეთესო). არ აქვს მნიშვნელობა, მესამე ქამარს მოიგებს თუ არა. ჩემთვის ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოა, რადგან ამ სპორტში ბევრი მაგარი მებრძოლი გვყოლია.

მაქს ჰოლოუეი არავის დაუნოკაუტებია და პირველი ვიყავი, ვინც ეს გააკეთა. რატომ არ შეიძლება იგივე გეიჯისთანაც მოხდეს? გულის სიღრმეში მანაც იცის, რომ პირველ რაუნდში დავაფინიშებ. ჯასტინ, ოქტაგონში შენი მწვრთნელი ვერ დაგეხმარება, მარტო მე და შენ ვიქნებით“.

ჯასტინ გეიჯი: „ეჭვგარეშეა, რომ თოფურია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. UFC-ის Pound-for-pound რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს, თუმცა საუკეთესო მეტოქეების წინააღმდეგ მიჩხუბია და უდიდესი გამოცდილება მაქვს. ამ გამოცდილებას გამოვიყენებ, რათა ოქტაგონში შესანიშნავი ვიყო. საკუთარი თავის მჯერა და ვიცი, რომ იდეალური ვიქნები. რა თქმა უნდა, ეს ჩხუბი პირადულია, რადგან ერთმანეთის ცემას ვცდილობთ“.

ალექს პერეირა: „ეს არის შანსი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა. კვირას მინდა, ყველა თქვენგანისთვის, ვინც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან გვიყურებს, შოუ დავდგა. სირილ განი შესანიშნავი სპორტსმენია. პატივისცემას იჩენს, სხვებისგან განსხვავებით, რომლებიც ჩხუბის დაწყებამდე ათას სისულელეს ამბობენ. კვირას გაჩვენებთ, რომ მოვუმატე, უფრო მაღალ დონეზე ავედი და მეც ძალიან მაგარი მებრძოლი ვარ“.

სირილ განი: „პერეირა შესანიშნავი მებრძოლი და ჩემპიონია. ვფიქრობ, კარგი ადამიანიცაა და მესმის, ქომაგები რატომ მისტვენენ. მიხარია, რომ მის წინააღმდეგ ჩხუბის შანსი მომეცა. მსგავსი, სახიფათო მეტოქეების წინააღმდეგ აქამდეც მიჩხუბია. ყველამ იცის, ჩემი ძლიერი მხარეები რა არის. თუ გინდა მებრძოლი იყო, შიში არ უნდა გაგაჩნდეს“.

ჯოშ ჰოკიტი (მებრძოლმა სრულიად განსხვავებული იმიჯი მოირგო და შეშინებული ადამიანივით ლაპარაკობდა. მან Marvel-ის პერსონაჟს, ჰალკს მიბაძა და ბრიუს ბენერის როლი ითამაშა, რომელიც ცდილობს, საკუთარ თავში ალტერ-ეგო, ჰალკი შეაკავოს): „წარმოუდგენელი ჰოკი (საკუთარი გვარის გამო, ჰალკი ჰოკით შეცვალა) ამბობს, რომ დერიკ ლუისს პირველ რაუნდში დააძინებს. ლუისი მომწონს და მინდა ბოდიში მოვიხადო იმის გამო, რომ წინა პრესკონფერენცია ჩავშალე. თოფურიაც მომწონს, პერეირაც. ისინი ჩემი ფავორიტი მებრძოლები არიან და მინდა, ბოდიში მოვიხადო. ახლა ძალიან ვნერვიულობ და თქვენ წინაშე ჩვეულებრივი ჰოკიტი დგას. ვცდილობ, წარმოუდგენელი ჰოკი შევაკავო, რომ ის თქვენ წინაშე არ გამოჩნდეს.

უკაცრავად... (ეს რეპლიკა ილიას მიერ პერეირაზე გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა). პერეირა თოფურიასთვის საჭმელს ღეჭავს და შემდეგ ილიას აჭმევს — ზუსტად ისე, როგორც დედა ფრინველი კვებავს თავის ბარტყებს. თოფურია, ბოდიში... ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მებრძოლი ხარ და ბოდიში... წარმოუდგენელი ჰოკი ამბობს ამას... ბოდიში... წარმოუდგენელი ჰოკი ამბობს, რომ გეიჯი გაიმარჯვებს, თუმცა თოფურია... შენი დიდი ფანი ვარ, მაგრამ გეიჯი გამარჯვებასაა მოწყურებული და მოიგებს. თოფურია ძალიან გაბრაზებულია, რადგან იმდენად დაბალია, საპირფარეშოს სარკეში საკუთარ თავს ვერ ხედავს... და სტრიპტიზის მაიამელ მოცეკვავეზე დაქორწინდა. წარმოუდგენელი ჰოკი ისევ პრობლემებს მიქმნის... ბოდიში თოფურია, შენი დიდი ფანი ვარ“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და გეიჯის დაპირისპირება თბილისის დროით, 15 ივნისს გაიმართება. ღონისძიების ჩხუბები 04:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაშინვე დავთანხმდი“ | მახაჩევმა ახსნა, ილიასთან ჩხუბი რატომ არ გაიმართა
„მაშინვე დავთანხმდი“ | მახაჩევმა ახსნა, ილიასთან ჩხუბი რატომ არ გაიმართა