ეფექტურად დაიწყეს - სამხრეთ კორეის ლამაზი ფეხბურთი და დამარცხებული ჩეხეთი
მსოფლიო ჩემპიონატის A ჯგუფის პირველ ტურში ერთმანეთს სამხრეთ კორეა და ჩეხეთი დაუპირისპირდნენ. მატჩი აზიელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
გულშემატკივრებმა საოცარი დაპირისპირება იხილეს. ბურთი ფაქტობრივად ცენტრში არ ჩერდებოდა და ორივე გუნდი შეტევაში აქტიურობდა.
პირველ ტაიმში, გარდამტეხი უპირატესობის მოპოვება ვერცერთმა შეძლო, მაგრამ უფრო მეტი მომენტი სამხრეთ კორეამ შექმნა.
ტოტენჰემის ყოფილი ფეხბურთელი სონი გოლის გატანასთან ორჯერ იყო ახლოს, მაგრამ ვერ გაიტანა. პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა.
მეორე ნახევარში, სონს კიდევ ჰქონდა 100%-იანი მომენტი, მაგრამ მას მეკარემ აჯობა. მეორე ტაიმი სამხრეთ კორეამ კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო, მაგრამ ანგარიში ჩეხებმა გახსნეს.
ზუსტად მოწოდებული აუტის შედეგად კრეიჩმა 59-ე წუთზე ანგარიში გახსნა. რა თქმა უნდა, აზიელებს ეს შედეგი არ აწყობდათ და სულ მალე ჰვანგმა წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ, სამხრეთ კორეა ბევრს უტევდა, მაგრამ გოლი კვლავ ჩეხებმა გაიტანეს. თავი სოუჩეკმა გამოიჩინა, მაგრამ გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.
მე-80 წუთზე სამხრეთ კორეის აქტიურობამ შედეგი გამოიღო. ჰიუნ-გიუმ ჰვანგის ზუსტი გადაცემა გამოიყენა და ახლო მანძილიდან კოვარის კარი აიღო. დარჩენილ წუთებში, ჩეხებს ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსები ჰქონდათ, მაგრამ მეტოქის მეკარე შეუდარებლად თამაშობდა.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში სამხრეთ კორეა მექსიკას დაუპირისპირდება, ხოლო ჩეხეთი სამხრეთ აფრიკას.