თემურ ქეცბაია, თორნიკე კვარაცხელია
Aa
Aa

„ფინალზე არ წავიდა და ჩვენთან დარჩა“ - ქეცბაიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა

უკანასკნელ პერიოდში ქართულ საფეხბურთო სივრცეში კიდევ ერთმა კვარაცხელიამ, ხვიჩას უმცროსმა ძმამ თორნიკემ გამოანათა და ეს უპირველეს ყოვლისა თემურ ქეცბაიას დამსახურებაა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა თბილისის „დინამოში“ მისვლისთანავე თორნიკე მთავარ გუნდში დააწინაურა და რამდენიმე მატჩში თამაშის საშუალებაც მისცა. გადაცემა „ლაი ლაიში“ სტუმრობისას, ქეცბაიამ ხვიჩას ძმაზე დასმულ შეკითხვას საკმაოდ ამომწურავი პასუხი გასცა და ერთი საინტერესო ისტორიაც გაამხილა.

თემურ ქეცბაია

იმიტომ არ ვამბობ და ეს იმიტომ არ გამიკეთებია, რომ ხვიჩას ძმაა - თორნიკე იმსახურებს „დინამო თბილისის“ მთავარ გუნდში ყოფნას. ჯერ მხოლოდ 16 წლისაა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? არასოდეს არ სურს ხვიჩას ხარჯზე რაიმეს მიღწევა, გაწონასწორებული ადამიანია და ცდილობს ყველას თავი პირველ რიგში საკუთარი საფეხბურთო უნარების ხარჯზე მოაწონოს.

სანამ „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად დავინიშნებოდი, მეც ინტერნეტის საშუალებით მქონდა მისი თამაში ნანახი და შარშანწინ ვუყურე კიდევ აკადემიაში მის ერთ-ერთ მატჩს ცოცხლად, სადაც ძალიან კარგად ითამაშა. როგორცკი მოვედი, მაშინვე მოვიკითხე თორნიკეს ამბავი და მთავარ გუნდში დავაწინაურე, რათა ნორმალურ მოედანზე ვარჯიშისა და თამაშის საშუალება ჰქონდეს.

ისე დაემთხვა, რომ მაშინ როდესაც ხვიჩას ჩემპიონთა ლიგის ფინალი უნდა ეთამაშა, ამავე დღეს Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის ტური ტარდებოდა. რადგანაც მისი ოჯახის წევრები მიდიოდნენ, თორნიკეს ვუთხარი, რომ თუ ბუდაპეშტში წასვლა და „ბაიერნთან“ მატჩზე დასწრება სურდა, პრობლემას არ შევუქმნიდი. თუმცა, მითხრა, რომ ჩვენთან დარჩენა უნდოდა. ამას იმიტომ კი არ ვყვები, რომ სხვანაირად უნდა მოქცეულიყო, უბრალოდ ბევრი არ გააკეთებდა და ეს მის პროფესიონალიზმზე მიუთითებს. მისმა ძმამ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა, ის კი ჩვენ წყალტუბოში „მეშახტესთან“ მატჩზე წამოგვყვა და კარგადაც ჩაერთო მატჩში - მართალია პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ მისი დროც მოვა.

ცნობისათვის, ორ უნიჭიერეს ახალგაზრდა ფეხბურთელს, თორნიკე კვარაცხელიასა და ანდრეა ბართიშვილს ასაკის მიხედვით 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე უწევთ თამაში, რომელსაც სომხეთთან ერთად, საქართველო უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამოსწორებული შეცდომა, პირველი ყვითელი და კაპიტნები - ქართველები მუნდიალზე
გამოსწორებული შეცდომა, პირველი ყვითელი და კაპიტნები - ქართველები მუნდიალზე