საზონოვი შესაძლოა, რუსეთში დაბრუნდეს - რა ელის ქართველ მცველს
რუსული გამოცემა Metaratings.ru-ის ინფორმაციით, „ტორინოს“ მცველი საბა საზონოვი, რომელიც იტალიურ კლუბს 2026 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, შესაძლოა რუსეთის პრემიერ-ლიგაში დაბრუნდეს.
სააგენტოს ცნობით, მოთამაშით რუსეთის ჩემპიონატის რამდენიმე გუნდია დაინტერესებული, თუმცა ამ მომენტისთვის საზონოვს ვარიანტის მოძებნა ევროპაში სურს. თუ ეს არ გამოვიდა, ის მზად იქნება რუსეთის ჩემპიონატში დაბრუნების პერსპექტივა განიხილოს. სანქტ-პეტერბურგში დაბადებული და „ზენიტის“ აკადემიის აღზრდილი მცველი რუსეთის პირველობაზე მანამდე სწორედ „ზენიტისა“ და მოსკოვის „დინამოს“ რიგებში გამოდიოდა.
გასულ სეზონში 24 წლის ფეხბურთელს „ტორინოს“ შემადგენლობაში, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია. საერთო ჯამში, საზონოვმა იტალიური გუნდის მაისურით 13 შეხვედრა ჩაატარა, სადაც შედეგიანი მოქმედებით არ გამოირჩეულა. პორტალი Transfermarkt ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას 800 ათას ევროდ აფასებს. საბა საზონოვს „ტორინოსთან“ მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისს ეწურება.