ჯასტინ გეიჯი: არ ვიცი, დავბრუნდები თუ არა
სანამ UFC-ის ტოპ მსუბუქწონოსნები ცდილობენ გაარკვიონ, თუ რომელი მათგანი გახდება ნომერ პირველი პრეტენდენტი და ვინ გამოიწვევს ჯასტინ გეიჯის, დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი სულ უფრო ხშირად იწყებს საუბარს იმის შესახებ, რომ შესაძლოა პროფესიონალური მებრძოლის კარიერა დაასრულოს.
„ამ წელს ორჯერ ვიჩხუბე. მუხლის ძლიერი დაჟეჟილობა მაქვს და ხელითაც ჯერ კიდევ ვერ ვურტყამ ნორმალურად, ამიტომ ნამდვილად მჭირდება აღდგენა. ზუსტად ვიცი, რომ ამ წელს აღარ ვიჩხუბებ.
ისიც ვიცი, რომ ახლახან ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო გამოსვლა ვაჩვენე, თუმცა სტატისტიკურად ეს არ უნდა მომხდარიყო. მე მყავს ოჯახი. ყოველთვის ვენდობოდი მშობლებს, ძმებს, დასა და მწვრთნელებს და ვეუბნებოდი მათ, რომ როცა დრო მოვიდოდა, დამჭირდებოდა, რომ ჩემთან ესაუბრათ.
მე ნამდვილად ვეყრდნობი მათ და იმედი მაქვს, რომ დამეხმარებიან ამ გადაწყვეტილების მიღებაში. ვფიქრობ, ეს ძალიან სერიოზული არჩევანია. მაგრამ ამავე დროს მიმაჩნია, რომ საკუთარ თავს, როგორც ბიზნესს, ისე უნდა მოვეკიდო და შესაბამისად მივუდგე ამ საკითხს. მომიწევს სხვადასხვა საუბრების გამართვა და იმის გაგება, თუ როგორ წარიმართება ჩემი მომავალი ცხოვრება. ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. არ ვიცი, დავბრუნდები თუ არა“,
- თქვა „ჰაილაითმა“ დემეტრიუს ჯონსონთან საუბარში.
მანამდე დენა უაითმა განაცხადა, რომ UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ორ წონით კატეგორიაში, ილია თოფურია, მზად არის ოქტაგონზე დასაბრუნებლად და არ გამორიცხა, რომ „ელ მატადორმა“ შესაძლოა დაუყოვნებელი რევანში გამართოს ამერიკელთან, რომელმაც ივნისში მას ტიტული წაართვა.