რატომ ჩამოწეული გეტრები | კვარას მიზეზი ნაპოლიში დებიუტს უკავშირდება
ხვიჩა კვარაცხელიამ The Athletic-ს ინტერვიუ მისცა. ქართველმა ფეხბურთელმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა და ახსნა, თუ რატომ თამაშობს ჩამოწეული საფეხბურთო გეტრებით. მისი თქმით, ეს „ნაპოლიში“ ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრას უკავშირდება.
„ჩამოწეული გეტრები „ნაპოლის“ მაისურით ჩატარებულ ჩემს პირველ შეხვედრას უკავშირდება, რომლის დროსაც კუნთის კრუნჩხვები მქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი სადებიუტო შეხვედრა იყო, ალბათ სტრესს ვგრძნობდი და ეს პრობლემა სწორედ ამან განაპირობა.
ზოგადად, გეტრებს ჩვეულებრივად ვიცვამდი და ბოლომდე ვიწევდი. იმ მომენტში ვიფიქრე, რომ ჩემი კუნთის კრუნჩხვებისთვის კარგი იქნებოდა, თუ გეტრებს კოჭებამდე ჩამოვიწევდი. ეს გავაკეთე და გოლი გავიტანე, რის გამოც ჩავთვალე, რომ ასე თამაში იღბლის მომტანი იყო და მას შემდეგ აღარ შემიცვლია“.

კვარაცხელიას საქართველოზეც ჰკითხეს და დაინტერესდნენ, არის თუ არა დამატებითი წნეხი ის, რომ იგი საკუთარი ქვეყნის სახე და, ამავდროულად, „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავია.
„სასიამოვნოა, იყო მაგალითი ქართველი ბავშვებისთვის, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, წნეხიცაა, რადგან ყოველ ჯერზე, როდესაც მოედანზე გადიხარ, მათთვის მისაბაძი უნდა იყო — ისინი ხომ შენს თითოეულ მოქმედებას თვალს ადევნებენ. პატარა ქვეყნის შვილობა და ამხელა წარმატების მიღწევა უკვე მისაბაძი მაგალითია. მათ ვაჩვენებ, რომ ყველაფერი შესაძლებელია და თუ ოცნება გაქვს, მისი ახდენა შეგიძლია“.
ცნობისთვის, სერია A-ში კვარაცხელიას დებიუტი „ვერონას“ წინააღმდეგ შედგა. მისმა „ნაპოლიმ“ 5:2 მოიგო, ქართველმა ფეხბურთელმა კი გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.