მახაჩევი: პერეირა-განის ბრძოლა ჩემთვის ბევრად საინტერესოა, ვიდრე ილია-გეიჯის
მიუხედავად იმისა, რომ თეთრ სახლთან დაგეგმილი UFC-ის ტურნირის მთავარ მოვლენაში მისი პოტენციური მეტოქე ილია თოფურია ჩხუბობს, ისლამ მახაჩევი სადღესასწაულო ქარდის ყველაზე საინტერესო დაპირისპირებად თანამთავარ (co-main) ბრძოლას მიიჩნევს, რომელშიც სირილ განი და ალექს პერეირა მძიმე წონაში დროებით საჩემპიონო ქამარს გაითამაშებენ.
„მე ვიხილავდი პერეირა-განის ბრძოლას. ეს უფრო საინტერესოა, ვიდრე თოფურია-გეიჯის დაპირისპირება. სირილს ორი ვარიანტი აქვს - თუ ის შიშის გარეშე ჩხუბობს, კარგად იბრძვის, მაგრამ როცა ფსიქოლოგიურად ვერ განეწყობა, ამის მაგალითებიც გვინახავს. თუ სირილი სწორად განეწყობა, ის დისტანციაზე, როგორც გამოცდილი სტრაიკერი, მშვიდად აჯობებს პერეირას. თუმცა პერეირაც მიიწევს წინ. ერთი დარტყმა და შეუძლია ყველაფერი დაასრულოს. ასე რომ, ეს ბრძოლა სტილისტურად ჩემთვის საინტერესოა. შეძლებს კი განი მის დისტანციაზე დაკავებას?“
- განაცხადა რუსმა მებრძოლმა ადამ ზუბაირაევთან ინტერვიუში.
ილია თოფურია, რომელიც მსუბუქ წონაში UFC-ის ტიტულს ფლობს, ღონისძიების მთავარ დაპირისპირებაში ჯასტინ გეიჯისთან გამაერთიანებელ ბრძოლას ჩაატარებს და გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა ქვესაშუალო წონაში ავიდეს, სადაც ჩემპიონი მახაჩევია.
დაღესტნელი მებრძოლი ოქტაგონზე დაბრუნებას 15 აგვისტოს, ფილადელფიაში, UFC 330-ის ტურნირზე გეგმავს, სადაც მისი მეტოქე, სავარაუდოდ, დივიზიონის პირველ ნომრად მყოფი იენ მაჩადო გარი იქნება.