დე ლა ფუენტე: იამალი მსოფლიო ჩემპიონატით შეპყრობილია
ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუის დე ლა ფუენტე ფიქრობს, რომ ფავორიტის სტატუსი მის გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე უპირატესობას არ ანიჭებს, რადგან მასში გამარჯვებაზე პრეტენზიას ბევრი ღირსეული ნაკრები აცხადებს.
გარდა ამისა, ესპანელმა სპეციალისტმა ლამინ იამალის მდგომარეობაზეც ისაუბრა.
- ანიჭებთ თუ არა უპირატესობას ფავორიტის სტატუსი?
„არა, რა თქმა უნდა არა. რას ნიშნავს იყო ფავორიტი? ეს უბრალოდ გარეშე პირების კომენტარებია. ამასთან, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მოგების შანსი გვაქვს? სრული გულწრფელობით ვიკითხავ, განა გამარჯვებაზე იმაზე მეტ პრეტენზიას ვაცხადებთ, ვიდრე საფრანგეთი, ბრაზილია ან არგენტინა?“.
- თქვენ ევროპის ჩემპიონები ხართ...
„რა თქმა უნდა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონი არგენტინის ნაკრები გახდა, ჩვენ კი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისს მოვუგეთ. ნებისმიერ გუნდს შეუძლია ფინალში გამარჯვება, ამიტომ ფავორიტთა შორის შეგვიძლია შევიყვანოთ ინგლისიც და ნიდერლანდებიც. ტურნირზე ბევრი ძლიერი მონაწილეა. გამარჯვებაზე პრეტენზიას 8 ან 10 გუნდი აცხადებს: პორტუგალია, აფრიკული ნაკრებები... ესპანეთი? რა თქმა უნდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვალდებულები ვართ მოვიგოთ. ჩვენ შეგვიძლია წავაგოთ მაშინაც კი, თუ მეტოქეზე ძლიერები ვიქნებით. ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს ძალას და ვიცით, რომ შეგვიძლია ტურნირის მოგება. ფავორიტობა კარგია, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.
- ევროზე იამალი ბიჭად ჩამოვიდა, ახლა კი ის ვარსკვლავია
„როგორც ფეხბურთელი ის ძალიან მოწიფულია, უკიდურესად მოწიფული. მის ნიჭთან შერწყმით ეს იწვევს იმას, რომ მასზე ამდენს ვსაუბრობთ. ის კი არაჩვეულებრივი სიმარტივით აჩვენებს მოედანზე მთელ თავის პოტენციალს, კლასს, თვისებებს, უნარებსა და შესაძლებლობებს. ჩვენ გვიხარია, მაგრამ მე ვაგრძელებ იმის გამეორებას, რომ ის 18 წლისაა. მასზე ზრუნვაა საჭირო, აუცილებელია მისი დაცვა და თანადგომა. მას კიდევ ბევრი აღმასვლა და დაღმასვლა ექნება. ეს ნორმალურია. უნდა დავეხმაროთ მას, რომ ფეხებით მიწაზე დარჩეს. ის ისედაც მიწაზეა, მაგრამ მაინც საჭიროა მის გვერდით ყოფნა. ახლა კარგი მომენტია საკუთარი თავის წარმოსაჩენად და მთელი საფეხბურთო პოტენციალის საჩვენებლად. ის შეპყრობილია, განწყობილია და მსოფლიო ჩემპიონატზე ფიქრობს“.
- განაცხადა დე ლა ფუენტემ.
ესპანეთის ნაკრები მუნდიალზე თავის პირველ შეხვედრას 15 ივნისს (20:00), კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამართავს. იამალი განაცხადში იქნება, თუმცა მოსალოდნელია, რომ დე ლა ფუენტე არ გარისკავს და ტრავმიდან დაბრუნებულ ლამინს დასვენების საშუალებას მისცემს. თუ, 18 წლის შემტევი მოედანზე გავა, ესპანური პრესის მოლოდინია, რომ ეს 15-20 წუთით მოხდება.