ფეხბურთელებს მხოლოდ ტელეფონით იცნობდა - ჰაიტის მწვრთნელი ჰაიტიში ნამყოფი არ არის
უნიკალური ფაქტი მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი მონაწილის შესახებ - ჰაიტის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფრანგი სებასტიან მინიე, რომელიც ამ თანამდებობაზე უკვე ორი წელია მუშაობს, ჰაიტიში ნამყოფი არ არის. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ იქ ცხოვრება უსაფრთხო არავისთვის არის, რადგან მთლიან კუნძულზე კონტროლი შეიარაღებულ დაჯგუფებას აქვს აღებული, რის გამოც ჰაიტის ნაკრებმა კურასაოსთან შესარჩევი თამაში დედაქალაქიდან 800 კილომეტრის მოშორებით ჩაატარა. ასეთი მძიმე პირობების მიუხედავად, ჰაიტელებმა ორი ჯგუფური ეტაპი წარმატებით გაიარეს, მხოლოდ კურასაოს ჩამორჩნენ, ხოლო კოსტა რიკა, ჰონდურასი და ნიკარაგუა სატურნირო ცხრილში უკან მოიტოვეს.
2010 წელს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ჰაიტიში ნამდვილი ქაოსია. ქვეყნის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ შეშინებული ადამიანები ქუჩაში ვერ გამოდიან, დღის განმავლობაში იარაღის სროლა კი უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. სწორედ ამ ყველაფერზე გაამახვილა ყურადღება ჰაიტის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შოტლანდიასთან თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე და ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ჰაიტიში ნამდვილად არ ჩავალ, რადგან იქ ყველას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ჩვეულებისამებრ, ყოველთვის ვცდილობ იმ ქვეყანაში ვიცხოვრო, რომლის ნაკრების მთავარ მწვრთნელადაც ვმუშაობ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს გამორიცხულია. ბოლოს და ბოლოს იქ საერთაშორისო ფრენებიც აღარ არის, ფეხბურთელები ტელეფონის საშუალებით გავიცანი, მოგვიანებით კი ფედერაციის ხელმძღვანელებმა მათი თამაშების ვიდეომასალა გამომიგზავნეს“.
ინტერნეტში სათანადო ინფორმაციების მოძიების შემთხვევაში, ჰაიტიზე წასვლა არც ერთ ტურისტს არ მოუნდება, რადგან არსებობს ადამიანების გატაცების, ტერორისტულ საქმიანობაში ჩართვისა და სამოქალაქო არეულობის რისკები, რის გამოც 2010 წლიდან მოყოლებული ქვეყანა უკვე მილიონ 300 ათასმა ადამიანმა დატოვა. ყველას კარგად ახსოვს 2024 წელს მომხდარი ამბები, როდესაც ზემოთ ხსენენულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ორ ციხეზე მიიტანეს იერიში და 4 ათასამდე პატიმარს გაქცევის საშუალება მისცეს.
ჩამოთვლილი ფაქტებიდან გამომდინარე, ალბათ ყველას გაუჩნდება შეკითხვა, ვინ მართავდა აქამდე ჰაიტის? პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი, რომელიც მოსახლეობას მანამდე რეფორმებსა და მასშტაბურ ცვლილებებს ჰპირდებოდა და არაფერი შეასრულა, ბანდის წევრებმა მოკლეს. ის პრემიერ-მინისტრმა არიელ ანრიმ შეცვალა, თუმცა შეიარაღებული დაჯგუფებების ზეწოლას ვერ გაუძლო და 2024 წლის მარტში გადადგა. მის ნაცვლად მუშაობდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2026 წლის თებერვლამდე, ახლა კი ალიკს დიდიე დის-ემე იკავებს ამ თანამდებობას და შესაძლოა მის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრებოდეს, რადგან დაჯგუფების ლიდერებმა უკვე გაავრცელეს განცხადება, სადაც წერია რომ მის მიმართაც სერიოზული ტერორი განხორციელდება.
იმის ფონზე რომ გაეროს წევრმა ქვეყნებმა იარაღზე ემბარგო დააწესეს, ხოლო თავად ჰაიტი იარაღს არ აწარმოებს, ის ფაქტი, რომ ამ ქვეყანაში ნახევარ მილიონამდე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღია, ნამდვილი სიგიჟეა. 2024 წელს მომხდარი სროლების შედეგად ოფიციალური მონაცემებით 5600 ადამიანი დაიღუპა. უკანონო საკონტროლო პუნქტებზე დაჯგუფების მეთაურები იტაცებენ უდანაშაულო ადამიანებს, ფულს სძალავენ და კლავენ, წვავენ სკოლებსა და საავადმყოფოებს.
ყოველივე აქედან გამომდინარე, ამ ქვეყანაში ჩასვლას ვერც მთავარ მწვრთნელს ვერავინ მოსთხოვს და ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ ჰაიტის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა ჰაიტელებისთვის ამჟამად მეასეხარისხოვან საზრუნავსა და საფიქრალს წარმოადგენს, რადგან მათი მთავარი საზრუნავი საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების სიცოცხლის გადარჩენაა.