„მათ თავისი საქმეები აქვთ“ - ასპინალი სავარაუდო მეტოქეებზე
შერეული ორთაბრძოლების მოყვარულები მძიმე წონით დივიზიონში 2025 წელს საჩემპიონო ქამრისთვის სუპერ ორთაბრძოლის მოლოდინში იყვნენ, თუმცა მოვლენები საპირისპირო სცენარით განვითარდა - ლეგენდარულმა ჯონ ჯონსმა აქტიური სპორტიდან წასვლის თაობაზე ოფიციალურად გამოაცხადა და ჩემპიონის ტიტული ტომ ასპინალმა უბრძოლველად მიიღო.
ამჟამად იმაზე მიდის მარჩიელობა თუ ვისთან დაიცავს ახალი ჩემპიონი ქამარს და ბუნებრივია, ასახელებენ იმ მებრძოლებსაც, რომელთაც შეიძლება ქვემძიმე წონიდან ასვლა და ორი დივიზიონის ჩემპიონობა მოინდომონ. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ასპინალს და ინგლისელისგან ასეთი პასუხი მიიღეს:
„ვინ უნდა ამოვიდეს ქვემძიმე წონიდან? ალექს პერეირას ჯერ კიდევ თავის დივიზიონში აქვს დასამტკიცებელი ყველაფერი, რადგან ტიტული ახლახანს დაკარგა და მაგომედ ანკალაევი მისთვის უხერხულ მეტოქედ იქცა. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ამ უკანასკნელს აქამდე სათანადოდ ვერ აფასებდნენ და საჩემპიონო ჩხუბის ჩანიშვნა დაუგვიანეს, ხოლო როცა მისცეს ამის საშუალება, ყველას დაუმტკიცა, რომ თავის წონაში საუკეთესოა“.
შეგახსენებთ, რომ სანამ ჯონსთან დაპირისპირებას ელოდა, ასპინალი დროებითი ჩემპიონის ტიტულს ფლობდა, „ბოუნსის“ სპორტიდან წასვლის შემდეგ კი, საჩემპიონო ქამრის მფლობელი გახდა.