„ხელი მოიტეხა და ამან ბრძოლის სცენარი შეცვალა“ | ბელალს უმარისა და მერაბის რემატჩი სურს
UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ბელალ მუჰამედმა მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ბრძოლაზე ისაუბრა. ბელალის თქმით, უმარი რემატჩს იმსახურებს, რადგან მოტეხილი ხელი მისი წაგების განმაპირობებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.
„უმარმა პირველი და მეორე რაუნდი მოიგო, შემდეგ კი ხელი მოიტეხა, რის გამოც ბრძოლის სცენარი რადიკალურად შეიცვალა. დვალიშვილი და ნურმაგომედოვი დონეების მხრივ ერთმანეთს ძალიან ახლოს არიან, ამიტომ რემატჩის ნახვის სურვილი ნამდვილად ჩნდება. თუმცა უმარმა ჯერ ბაუტისტას უნდა მოუგოს.
ნურმაგომედოვი მთლიან მოსამზადებელ ბანაკს ხაბიბთან ერთად ატარებს. ხაბიბი ყველაზე გიჟი მწვრთნელია — ის უმარს ისეთ რაღაცებს გააკეთებინებს, რაც მას აქამდე არასდროს უცდია. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ბრძოლა წააგო. ხაბიბი მას ამოსუნთქვის საშუალებას არ მისცემს. ისინი გახარებული იქნებიან, რადგან უსმან ნურმაგომედოვმა გაიმარჯვა, და ვფიქრობ, უმარი გამარჯვებისთვის სწორად მოემზადება.“
შეგახსენებთ, რომ ბაუტისტასა და ნურმაგომედოვის ორთაბრძოლა UFC 321-ზე გაიმართება, რომელსაც 25 ოქტომბერს ვიხილავთ. ამ ღონისძიების მთავარი მოვლენა ტომ ასპინალისა და სირილ განის დაპირისპირებაა. მუჰამედს რაც შეეხება, მას „არწივთან“, ისლამ მახაჩევთან და მათ გარემოცვასთან ახლო ურთიერთობა აქვს და მსგავსი განცხადება გასაკვირი ნამდვილად არ არის.