„პატივს გცემ და წინასწარ ბოდიშს გიხდი“ - თოფურია ოლივეირას
UFC 317-ის მთავარი მოვლენა ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას ჩხუბი იქნება, რომელიც მსუბუქი წონის ჩემპიონს გამოავლენს.
დღეს, შედგა ეგრეთწოდებული Face to Face, სადაც მებრძოლები ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ და ურთიერთპატივისცემა გამოხატეს.
„მე პატივს გცემ. უბრალოდ მინდა გაჩვენო, რომ საუკეთესო ვარ. იცი, რომ დაგამარცხებ. ბოდიშს გიხდი“, - უთხრა თოფურიამ ოლივეირას.
„დიდებული ბრძოლა იქნება, ყველაფრისთვის მზად ვარ. დიდებული ბრძოლისთვის მზად ვარ. ღმერთმა დაგლოცოს, ყოველთვის“. - უპასუხა ოლივეირამ.
ლას-ვეგასში გასამართი ქარდის მთავარი მოვლენა თბილისის დროით 29 ივნისს, 08:00-დან დაიწყება.
თოფურია წონის მატებით ბედნიერია
„ელ მატადორი“ პრესასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მსუბუქ წონაში ასვლამ მისთვის მოსამზადებელი ეტაპი გაამარტივა და უფრო სასიამოვნო გახადა.
„ბრძოლისთვის მოსამზადებელი პერიოდი დიდებულად მიმდინარეობს. წონის კლების პროცესით ჯერ ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. ბრძოლისთვის მზად ვარ და ვერც კი წარმოიდგენთ, იმას რისი ნახვაც წინ გელით.
საბოლოო ჯამში ის 4.5 კილოგრამი დიდ სხვაობას იძლევა. აქამდე მთელი 12 კვირის განმავლობაში წონას ვიკლებდი, ცხოვრებისგან სიამოვნებას ვერ ვიღებდი. ამჯერად მთელი ეს პროცესი ჩემთვის სასიამოვნო გახდა“.
- ამბობს ილია.