მოლაპარაკება დაწყებულია - ალ ჰილალს მესი სურს
ლიონელ მესის „ინტერ მაიამისთან“ კონტრაქტი 2025 წლის დეკემბერში უსრულდება და მის მომავალ კლუბთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის პრესაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. ამერიკელები წერენ, რომ დევიდ ბექჰემმა „ელ მონგოლიკო“ თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე უკვე დაიყოლია და არგენტინელი უახლოეს მომავალში ფლორიდის კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.
Diario Sport-მა კი გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეოს მამასთან, ხორხე მესისთან მოლაპარაკებების დასაწყებად „ალ-ჰილალის“ პრეზიდენტი ჩავიდა და დიდი იმედი აქვს, რომ ეს ყველაფერი დადებით შედეგს გამოიღებს. საუდის არაბეთის ამ კლუბს რომ დიდი გეგმები აქვს, მთავარ მწვრთნელად ისეთი ავტორიტეტული სპეციალისტის დანიშვნაც მეტყველებს, როგორიც სიმონე ინძაგია, რომელმაც „ინტერი“ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ გაიყვანა.
შეგახსენებთ, რომ თავად მესის არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ სურს 2026 წლის ზაფხულამდე ისეთ კლუბში იასპარეზოს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს უმაღლეს დონეზე მომზადებული შეხვდეს.