ხვიჩა კვარაცხელია, ლიონელ მესი, ლუის სუარესი, ინტერ მაიამი
Aa
Aa

ინტერ მაიამიმ პალმეირასს ვერ მოუგო და პლეიოფში პსჟ-ს შეხვდება

„ინტერ მაიამი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „პალმეირასს“ დაუზავდა (2:2), „ალ აჰლისა“ და „პორტუს“ მატჩი ასევე ფრედ დასრულდა (4:4), რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ცნობილი გახდა ორი მერვედფინალური წყვილი - ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ლიონელ მესის „ინტერ მაიამის“ შეხვდება, ხოლო კიდევ ერთი მეოთხედფინალისტის ვინაობას ბრაზილიური კლუბები - „პალმეირასი“ და „ბოტაფოგო“ გაარკვევენ.

„ინტერ მაიამი“ ბრაზილიის ვიცე-ჩემპიონს 2:0-ს უგებდა, თუმცა ფლორიდელებმა უპირატესობა ხელიდან მატჩის ბოლო 10 წუთში გაუშვეს (80-ე და 87-ე წუთები) და ფრეს დასჯერდნენ, რამაც მათ ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შესაძლებლობა არ მისცა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად 38 წლის ლუის სუარესი დასახელდა, რომლის ანგარიშზეც გოლი და საგოლე გადაცემაა.

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავიერ მასკერანომ მატჩის შემდეგ პარიზულ გუნდზეც ისაუბრა.

„სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ და კარგი მატჩი ჩავატარეთ. შესაძლოა, მეტის გაკეთება შეგვეძლო, მაგრამ თუ ვინმე ტურნირის დაწყებამდე გვეტყოდა, რომ ასეთი დონის გუნდებთან ასე კარგად ვითამაშებდით, მეორე ადგილიდან გასვლას მაშინვე მოვაწერდი ხელს.

მივაღწიეთ მიზანს, რომელიც ტურნირის დაწყებამდე დავისახეთ - გავედით პლეიოფში და მსოფლიოს 16 საუკეთესო კლუბს შორის ვართ - ეს MLS-ისთვის ისტორიული საღამოა.

წინ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთან მატჩი გველის. შევეცდებით, ისეთივე მონდომებითა და სერიოზულობით ვითამაშოთ და საკუთარ შანსებს დაველოდოთ. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

ცნობისთვის, პსჟ-მა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „სიეტლ საუნდერსს“ მოუგო (2:0) და A ჯგუფში ასპარეზობა პირველ ადგილზე დაასრულა. მეორე ადგილს „ბოტაფოგო“ დასჯერდა, ხოლო მადრიდის „ატლეტიკომ“ პლეიოფის საგზური ვერ მოიპოვა და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.

აქვე გეტყვით, რომ პსჟ-სა და „ინტერ მაიამის“ მატჩი 29 ივნისს და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას კურიოზული გოლი - პსჟ-მა სიეტლს მოუგო და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა
კვარას კურიოზული გოლი - პსჟ-მა სიეტლს მოუგო და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა