Il Mattino: აველინოს ლოჩოშვილის დამატება სურს
საქართველოს ნაკრების მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა, შესაძლოა, კარიერა სერია ბ-ში ახლად აღზევებულ „აველინოში“ გააგრძელოს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა Il Mattino იტყობინება.
რას წერს გამოცემა:
„აველინო“ დაცვის ხაზის გაძლიერებაზე მუშაობს და კლუბის ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე ლუკა ლოჩოშვილია, რომელიც „კრემონეზეს“ საკუთრებაა, მაგრამ გასული სეზონის მეორე ნაწილი იჯარით „სალერნიტანაში“ გაატარა.
„აველინოს“ სპორტული დირექტორი მარიო აიელო დიდი ხანია, ლოჩოშვილს აკვირდება და მისი სახით დაცვაში გამოცდილი ფეხბურთელის დამატება სურს. ტრანსფერს ხელი შეიძლება შეუწყოს იმ ფაქტმა, რომ „სალერნიტანასთან“ კონტრაქტი ლოჩოშვილს მიმდინარე თვის ბოლოს ეწურება.
„კრემონეზეში“ ლოჩოშვილს არ ენდობოდნენ - გასული სეზონის პირველ ნაწილში, იჯარით „სალერნიტანაში“ გადასვლამდე, ლოჩოშვილმა მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა. ახლა კი, როდესაც „კრემონეზე“ სერია ა-ში აღზევდა, ქართველი მცველისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზების შანსები კიდევ უფრო დაბალია“.
ცნობისთვის, ლოჩოშვილი „კრემონეზეში“ 2022 წელს ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ გადავიდა. იტალიაში გატარებულ სამ სეზონში ლუკამ ჯამში (სერია ა, სერია ბ, იტალიის თასი) 61 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა.