ილია თუ ოლივეირა | დასტინ პორიეს საბოლოო პროგნოზი
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, დასტინ პორიემ ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა. „ბრილიანტმა“ საბოლოო პროგნოზი გააკეთა და ივარაუდა, რომ მსუბუქი წონითი დივიზიონის ტიტულს „ელ მატადორი“ დაისაკუთრებს.
„ვფიქრობ ილია გაიმარჯვებს და ვერ ვხედავ გზას, რომლითაც ოლივეირა წარმატებას მიაღწევს. შეიძლება, ჩარლზმა მახრჩობელა ილეთით მოიგოს ან ილიას ძლიერად მოარტყას და ატკინოს, მაგრამ ეს გაუჭირდება.
თოფურიას მხარეს იმიტომ ვიხრები, რომ ორთაბრძოლებისას, ოლივეირას დარტყმები ხშირად ხვდება ხოლმე, თოფურია კი არის მებრძოლი, რომელიც მეტოქეებს აფინიშებს. ერთი სული მაქვს, ამ ორთაბრძოლას როდის ვიხილავ“.
თოფურია და ოლივეირა მსუბუქი წონითი დივიზიონის ვაკანტური საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებენ. „მატადორისა“ და „დუ ბრონქსის“ ჩხუბი თბილისის დროით, 29 ივნისს გაიმართება და UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება. ბუკმეკერები ფავორიტად თოფურიას ასახელებენ და თავად ილიაც ამბობს, რომ ოლივეირას მისთვის იდეალური სტილი აქვს, რაც გამარჯვებაში დაეხმარება.