„მუნდიალს ნორვეგია ვერასოდეს მოიგებს“ - ჰოლანდის გულწრფელი აღიარება
ერლინგ ჰოლანდი მედიის წარმომადგენლებზე გაბრაზებულია და ამას არც მალავს, რადგან როგორც თავად ამბობს, მასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი გამოცემა უაზრო ჭორებს ავრცელებს, სისულელეებს წერს და შესაბამისად, ბევრ ჟურნალისტთან აღარ აპირებს დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემას. თუმცა, ერთ-ერთ ამერიკელ მედიის წარმომადგენელთან, რომელიც „მანჩესტერ სიტისა“ და ნორვეგიის ნაკრების ვარსკვლავთან ინტერვიუზე პირველად იყო მისული, ტრადიცია დაარღვია და სრული სერიოზულობით ისაუბრა.
ერლინგ ჰოლანდი
სანამ ინტერვიუს დავიწყებთ, მე მინდა თქვენ შეკითხვა დაგისვათ: „რომელი ქვეყნის ნაკრებს უფრო დიდი შანსი აქვს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების, ნორვეგიას, თუ თქვენ ქვეყანას?“ თქვენ არ ხართ ვალდებული მიპასუხოთ, მე კი გეტყვით, რომ ნორვეგია მუნდიალს ვერასოდეს მოიგებს. თუ საკვალიფიკაციო ეტაპს დავძლევთ და ფინალურ სტადიაზე გავალთ, ეს იქნება მთელი ქვეყნის დაუვიწყარი წარმატება და ოსლოში არნახული ზეიმი დაიწყება. ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებზე საუბარს არ დავიწყებ, რადგან თქვენ ტურნირის მასპინძლები ხართ და რომ მოხდეს სასწაული და გაიმარჯვოთ, მერე ჩემს კომენტარზე ბევრი იხალისებს. ამიტომ მოდით ასე ვთქვათ, აშშ-ის ნაკრების შანსი 1 პროცენტია, ხოლო ნორვეგიის - 0,5 %.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიელები ოთხ ტურში დაგროვებული 12 ქულით ჯგუფის ლიდერები არიან და მეორე ადგილზე მყოფ ისრაელის ნაკრებს 6 ქულით უსწრებენ.